ჩხეტიანი: „ბუდუ ნებისმიერ გუნდში გაიბრწყინებს“
საქართველოს ნაკრების მიერ ევროპის მიმდინარე ჩემპიონატში გამართული ორი მატჩის შეფასებისას, ბევრ გულშემატკივარს უჩნდება შეკითხვა, თუ რატომ არ ეძლევა სათამაშო დრო ბუდუ ზივზივაძეს, რომლის დუბლის წყალობითაც ეროვნულმა გუნდმა მარტში, უეფას ერთა ლიგის პლეი ოფის ნახევარფინალში ლუქსემბურგი 2:0 დაამარცხა. 30 წლის ფორვარდის შესაძლებლობებს კარგად იცნობს კახა ჩხეტიანი, რომელიც მას 2019 წელს ქუთაისის „ტორპედოში“ წვრთნიდა და იმ სეზონში გამართულ 20 შეხვედრაში ბუდუმ თავი 13 გოლით გამოიჩინა. ჩხეტიანთან საუბარი, რომელიც ამჟამად ფოთის „კოლხეთს“ ამზადებს, Crystalsport-მა სწორედ მისი ყოფილი შეგირდის შესახებ საუბრით დაიწყო
რა თქვა ჩხეტიანმა
ბუდუ ზივზივაძეს რა შეუძლია, ძალიან კარგად ვიცი. ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვიტყვი - ის ნებისმიერ გუნდს მოერგება და ყველგან გაიბრწყინებს, სადაც ითამაშებს. თუმცა, ვილი სანიოლის გაკრიტიკებას მაინც მოვერიდები, რადგან არ ვიცი რა ხდება გუნდის შიგნით და შესაძლოა იმ მომენტში ფრანგმა ჩათვალა, რომ გიორგი ქვილითაიას შეყვანა უფრო მეტ სარგებელს მოიტანდა.
კატეგორიულად არ ვეთანხმები ხვიჩა კვარაცხელიას გაკრიტიკებას - ამ პატარა ბიჭმა საკუთარ თავზე ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ უდიდესი პასუხისმგებლობა აიღო და დღემდე იდეალურად გამოსდის ყველაფერი.
ვიცი, რომ ხვალ პორტუგალიის სახით ძლიერი მეტოქე გვეყოლება, თუმცა შესაძლოა რობერტო მარტინესმა ბევრ წამყვან ფეხბურთელს დასვენების საშუალება მისცეს. იმედს მაძლევს ის ერთსულოვნება და მონდომება, რაც ჩვენს ნაკრებში სუფევს და რა ჟინი და ბრძოლისნაუნარიანობაც როგორც თურქეთთან, ასევე ჩეხეთთან შეხვედრებში დავინახე.
როგორც უკვე მოგახსენეთ, კახა ჩხეტიანი მიმდინარე სეზონში „კოლხეთს“ ხელმძღვანელობს და ფოთელებმა Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის პირველი წრე 20 ქულით მეექვსე ადგილზე დაასრულეს.