დიდი სენსაცია - ავსტრია პირველ ადგილზე გავიდა
ევროპის ჩემპიონატის D ჯგუფში ბოლო ტურში მოვლენები სენსაციურად განვითარდა და კვარტეტში, სადაც უდავოდ ფავორიტებად საფრანგეთსა და ნიდერლანდებს თვლიდნენ, პირველ ადგილზე რალფ რანგნიკის მომზადებული ავსტრია გავიდა, რომელმაც ნიდერლანდელებს 3:2 აჯობა, პარალელურად მიმდინარე თამაში საფრანგეთი - პოლონეთი კი ფრედ, 1:1 დასრულდა, რის შემდეგაც „სამფეროვნები“ მეორე ადგილზე გავიდნენ, კუმანის შეგირდები კი პლეი ოფის საგზურს სავარაუდოდ, ერთ-ერთი საუკეთესო მესამეადგილოსნის სტატუსით მიიღებენ.
ბერლინის ოლიმპიურ სტადიონზე ანგარიში მე-6 წუთზე გაიხსნა - მარცხენა ფლანგიდან სტეფან პოშის მიერ გაკეთებული გადაცემის შემდეგ ბურთი საკუთარ კარში დონიელ მალენმა ჩაჭრა და ეს მიმდინარე კონტინენტის პირველობაზე რიგით მე-7 ავტოგოლი აღმოჩნდა. პირველ ნახევარში ნიდერლანდელებს ბურთზე კონტროლის დაწესება იმდენად უჭირდათ, რომ მათი მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი იძულებული გახდა ცვლილება 35-ე წუთზევე გაკეთებინა და ჯონ ვეერმარის ნაცვლად ჩავი სიმონსი შემოიყვანა.
„ლაიპციგის“ ნახევარმცველმა მწვრთნელს იმედები მეორე ტაიმის დასაწყისში გაუმართლა და მის პასს კოდი გაკპოს ეფექტური დარტყმა მოჰყვა, რომელმაც მიმდინარე ტურნირზე თავისი მე-2 ბურთი გაიტანა. თითქოს ამის მერე ინიციატივა ნიდერლანდელების მხარეს გადავიდა, მაგრამ გოლი ისევ ავსტრიელებმა გაიტანეს, რომლებიც წინ რომანო შმიდმა თავური დარტყმით გაიყვანა. 75-ე წუთზე, მემფის დეპაის ლამაზი გოლი თავდაპირველად არბიტრმა არ ჩათვალა, მაგრამ ვიდეორეფერისთან გადამოწმების შემდეგ ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. თუმცა, ეს ბურთი ნიდერლანდელებს ქულის ასაღებად არ ეყო, რადგან ავსტრიელები მესამედ მარსელ ზაბიცერმა დააწინაურა და თავის გუნდს ისტორიული გამარჯვება მოუპოვა.
საფრანგეთი-პოლონეთის მატჩის მთავარი აფიშა კილიან მბაპეს დაბრუნება იყო, რომელსაც უეფამ სპეციალური ნიღბით ასპარეზობის უფლება მისცა. „სამფეროვნების“ კაპიტანმა 56-ე წუთზე უსმან დემბელეს წაქცევის გამო დანიშნული პენალტი გამოიყენა და ევროპის ჩემპიონატზე კარიერაში პირველი გოლი შეაგდო. ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე მბაპესთვის ეს რიგით მეცამეტე ბურთი გახლდათ, რითაც ჟიუსტ ფონტენს გაუთანაბრდა და მასზე წინ ახლა მხოლოდ მიშელ პლატინია (14). ფრანგებმა უპირატესობა ბოლომდე ვერ შეინარჩუნეს და მატჩის დასრულებამდე ათი წუთით ადრე, 11-მეტრიანი დარტყმით რობერტ ლევანდოვსკიმ მიმდინარე გათამაშებაში თავისი პირველი ბურთი გაიტანა და ტურნირი უგოლოდ არ დაასრულა.