ანრის უელსში ეპატიჟებიან
რამდენიმე დღის წინ უელსის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან რობ პეიჯი გაანთავისუფლეს და პოსტი ვაკანტური გახდა. იქიდან გამომდინარე, რომ უელსელებს სექტემბრამდე ოფიციალური მატჩის ჩატარება აღარ უწევთ, ქვეყნის საფეხბურთო ასოციაციის ხელმძღვანელები პეიჯის შემცვლელის პოვნას არ ჩქარობენ და მოლაპარაკებებს რამდენიმე კანდიდატთან აწარმოებენ, თუმცა ამ რამდენიმეს შორის ერთი ფავორიტი ჰყავთ.
ბრიტანული პრესის ცნობით, ასოციაციის ხელმძღვანელები უპირატესობას ტიერი ანრის ანიჭებენ, რომელიც ამჟამად საფრანგეთის 21-წლამდე ნაკრებს პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის ამზადებს და მისი დასრულების შემდეგ, სხვა უფრო სერიოზული სამსახურის პოვნა სურს. საქმეს ართულებს ის ფაქტი, რომ უელსელები ფრანგული ფეხბურთის ლეგენდას მაღალი ხელფასის დანიშვნას ვერ ჰპირდებიან, თუმცა პირობას აძლევენ, რომ პარალელურად სხვადასხვა კომპანიებთან თანამშრომლობის შედეგად მიღებულ სასპონსორო შემოსავლებს შეუნარჩუნებენ და საშუალებას მისცემენ, რომ რამდენიმე ტელევიზიაში ექსპერტად კვლავ იმუშაოს.
პეიჯი უელსის ნაკრებს ბოლო 3,5 წლის განმავლობაში, 2020 წლის 3 ნოემბრიდან 2024 წლის 21 ივნისამდე ამზადებდა და მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული 45 მატჩიდან გუნდმა 15-ში გაიმარჯვა, 16 ფრედ დაასრულა და 14 წააგო.