9 ცვლილება ძირითად შემადგენლობაში | რობერტო მარტინესის გეგმები
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში პორტუგალიას დაუპირისპირდება. „სელესაოს“ პირველი ადგილი განაღდებული აქვს და პორტუგალიური პრესის მიხედვით, რობერტო მარტინესი ძირითად შემადგენლობაში ცვლილებებს განახორციელებს.
Record-ის ცნობით, მარტინესი 11 ფეხბურთელიდან, რომლებმაც თურქეთთან სასტარტოში დაიწყეს, ცხრას შეცვლის. მსგავს ინფორმაციას ავრცელებს კიდევ ერთი გავლენიანი გამოცემა, O Jogo და წერს, რომ „სელესაოს“ თავკაცი ძირითად შემადგენლობაში „რევოლუციას“ გეგმავს.
სტატისტიკური სააგენტო, Opta „ჯვაროსნებს“ აშკარა აუტსაიდერად მოიაზრებს. Opta-ს სუპერკომპიუტერმა საქართველოსა და პორტუგალიის მატჩის 10 000 სიმულაცია ჩაატარა. „სელესაომ“ გამარჯვება სიმულაციების 75.8 პროცენტში იზეიმა, ვილი სანიოლის გუნდმა - 10.4 პროცენტში, ხოლო 13.8 პროცენტი ფრედ დასრულდა.
როგორც მოგეხსენებათ, ორი ტურის შემდეგ, ვილი სანიოლის გუნდის ანგარიშზე 1 ქულაა. „ჯვაროსნები“ სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილს იკავებენ და პლეიოფში გასასვლელად სამი ქულის აღება ესაჭიროებათ.