ხვიჩა კვარაცხელია, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები, პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

„პორტუგალიასთან აუცილებლად მოსაგებად ვიბრძოლებთ“ - ხვიჩა კვარაცხელია

ხვალ, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ბოლო შეხვედრას გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი გელზენკირხენში, „ველტინს არენაზე“ პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

მატჩამდე 1 დღით ადრე საქართველოს ნაკრების შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ვილი სანიოლთან ერთად პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

 

რა თქვა კვარამ:

 

განვლილ თამაშებზე საუბარი კარგს არაფერს მოგვიტანს. მაქსიმალურად ვართ კონცენტრირებული და ვემზადებით ყველანაირად. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა განვლილ თამაშებზე, უფრო მეტს ვიმსახურებდით. მაგრამ ახლა უკვე ყველანაირად პორტუგალიასთან თამაშისთვის ვართ კონცენტრირებულები.

რონალდუს წინააღმდეგ თამაში? არ ვღელავ, პირიქით, ბედნიერი ვარ. ვოცნებობდი მის წინააღმდეგ ან მასთან ერთად ვითამაშო. კარგად დაემთხვა, რომ ის ჩვენს ჯგუფში მოხვდა. იმედი მაქვს ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ დასრულდება და მისი მაისურიც ჩემკენ წამოვა.

რა თქმა უნდა რთული თამაში იქნება, მაგრამ ჩვენ უფრო მოტივირებულები ვართ, რადგან ჯგუფიდან გასვლა შეგვიძლია. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ერთ დროს არავის სჯეროდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა შეგვეძლო, ახლა კი ერთი გამარჯვებით ჯგუფიდან გასვლა შეგვიძლია. ვეცდებით, ისტორიას კიდევ ერთი ფურცელი მივამატოთ.

პეპე? ძალიან გამოცდილი და დიდი კარიერის მქონე ფეხბურთელია. სასიამოვნოა მის წინააღმდეგ თამაშიც და ნებისმიერი ფეხბურთელისთვის ასეთი მცველის წინააღმდეგ თამაში მნიშნელოვანია. ნებისმიერის ამოცანა იქნება, რომ გოლი გაიტანოს, არ აქვს მნიშვნელობა წინ ვინ გიდგას.

პორტუგალიის ნაკრების ყველა ფეხბურთელი საუკეთესო ლიგებში თამაშობს და ხვალ მაქსიმუმს გააკეთებენ. ყველა გუნდს ვაფასებთ, ბევრ კარგ გუნდთან გვითამაშია და ბევრთან მოგებაც შეგვეძლო. ხვალაც იმავეს ვეცდებით. ხვალ მოედანზე გამარჯვებისთვის გავალთ და არ აქვს მნიშვნელობა, პორტუგალიის ნაკრებში ვინ ითამაშებს.

გამოცდილება? ალბათ ბოლო წუთებზე გამოუყენებელი მომენტები, სადაც არ გაგვიმართლა. ამ ორ თამაშში უფრო მეტი ქულის აღება შეგვეძლო. ეს გამოცდილება აუცილებლად გაგვყვება, რადგან შესაძლოა ბოლო მომენტშიც კი ძალიან კარგი შანსი მოგეცეს. ეს ყველაზე დიდი გამოცდილება იქნება.

ბევრჯერ მითქვამს, რომ ლეაუსთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ევროპის ჩემპიონატის წინ ერთმანეთს წარმატება ვუსურვეთ. სამწუხაროც და სასიხარულოცაა, რომ არ ითამაშებს. მინდა ნებისმიერ ეტაპზე წარმატება ვუსურვო.

რა თქმა უნდა უფრო მეტს ვიმსახურებდით, ჩეხეთთანაც და თურქეთთანაც შეგვეძლო, უფრო მეტი გვქონოდა. ამ ორ თამაშში ყველას ვაჩვენეთ, რომ ყველა გუნდთან გვქონდა თამაში. ახლაც შეგვიძლია დავუმტკიცოთ ყველას, რომ აქ ტურისტებად არ ვართ ჩამოსულები.

დორტმუნდში ისეთი შთაბეჭდილება გვქონდა, რომ თურქეთში ვთამაშობდით, ჩეხეთთან კი პირიქით, გვეგონა საქართველოში ვიყავით, ფანებმა დიდი მუხტი მოგვცეს და დიდი მადლობა მათ, რომ 90 წუთის განმავლობაში მხარს გვიჭერენ. იმედი გვაქვს, რომ პორტუგალიასთანაც არ მოგვაკლდება მათი მხარდაჭერა და ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ დასრულდება.

ნაკრებს სადაც დასჭირდება და როგორც ვილი გადაწყვეტს, იქ ვითამაშებ. მართალია ვინგერად თამაშს ვარ მიჩვეული და უფრო სხვა დატვირთვით მიწევს თამაში. მაგრამ გუნდს სადაც დავჭირდები, იქ ვითამაშებ. დიდად ჩემთვის პოზიციას მნიშვნელობა არ აქვს. ვფიქრობ, გულშემატკივარი ჩემგან მეტს უნდა ელოდოს, რადგან ჩემი მაქსიმუმი ჯერ არ მიჩვენებია. იმედი მაქვს, ეს პორტუგალიასთან იქნება.

ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები F ჯგუფში 1 ქულით მე-4 ადგილს იკავებს და პორტუგალიასთან გამარჯვების 1/8 ფინალური ეტაპის საგზურს მოიპოვებს. ჩვენს გუნდს მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი შესაძლოა ფრის შემთხვევაშიც ჰქონდეს, თუმცა, ამ შემთხვევაში საქართველოს ნაკრების ბედი სხვა მატჩების შედეგებზეც იქნება დამოკიდებული.

საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების დაპირისპირება 26 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები