ვილი სანიოლი, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები, პორტუგალიის ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

„კიტეიშვილი მზად იქნება, ბუდუზე კი ვიტყვი, რომ...“ - სანიოლის პრესკონფერენცია

ხვალ, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ბოლო შეხვედრას გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი გელზენკირხენში, „ველტინს არენაზე“ პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

მატჩამდე 1 დღით ადრე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

რა თქვა სანიოლმა:

არ მგონია, აქ იმისთვის ვიყო, რომ გასულ ორ მატჩზე ვისაუბრო. ხვალ პორტუგალიას ვეთამაშებით და ესაა მნიშვნელოვანი. რაც შეეხება ბუდუს. ის გუნდის წევრია. როდესაც საჭირო იყო, თურქეთთან შემოვიდა და ითამაშა. ხვალ ჯერ არ გადამიწყვეტია ითამაშებს თუ არა. სწორად აღნიშნეთ, ამან პოლიტიკური ხასიათი მიიღო, მაგრამ ვცდილობ ამისგან რაც შეიძლება შორს დავრჩეთ. მახსოვს, როდესაც რამდენიმე თვის წინ მიქაუტაძე სკამზე დავსვი, ამის გამო შეურაცხოფას მაყენებდნენ. ვინ ითამაშებს და ვინ არა, ეს მხოლოდ ჩემი გადასაწყვეეტია და სრულიად შესაძლებელია, რომ ბუდუმ ხვალ ითამაშოს.

კიტეიშვილი პირველი ორი მატჩის განმავლობაში მწყობრში არ იყო, მაგრამ ის ხვალისთვის მზად იქნება.

აქ ყოფნა ჩვენთვის უკვე დიდი წარმატებაა. მაგრამ ეს ადამიანური ხასიათია და ხალხსაც უფრო მეტი უნდათ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ოცნება უფრო დიდი ხნით გავაგრძელოთ. ვიცით, რომ პორტუგალია ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს. თუ პატარა შანსი მაინც იქნება, ვეცდებით, რომ მას ყველანაირად ჩავეჭიდოთ და მომდევნო ეტაპის საგზური მოვიპოვოთ.

ტურნირამდე ვინმეს რომ ეთქვა, მესამე მატჩშიც გვექნებოდა მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი, მაშინვე ხელს მოვაწერდი. ბუნებრივია, ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ უაღრესად მოტივირებულები იყოს.

ძალების აღდგენა? ზოგმა ფეხბურთელმა ორი მატჩი ითამაშა, რაც რთულია. ზოგი უფრო მეტადაა დაღლილი, ზოგიც ნაკლებად. რა თქმა უნდა, გარკვეული ცვლილებები საჭირო იქნება, რათა თამაშში უფრო მეტი დინამიკა შემოვიტანოთ.

არამხოლოდ მწვრთნელებისთვის, არამედ ფეხბურთელებისთვისაც საინტერესო მატჩი იყო. ამან ყველას აჩვენა, რომ საქართველომ აქ ყოფნა დაიმსახურა. ტურნირამდე გვესმოდა ისეთი მოსაზრებები, რაც შეურაცხმყოფელიც იყო. მათ შორის ლეგენდებისგანაც. ეს არ იყო კარგი. აქ თუ ვართ, ეს იმის გამოა, რომ სწორად განვვითარდით.

ლევანი საბერძნეთთან დაშავდა მას შემდეგ ცოტა ითამაშა. ვცდილობთ, რომ ფორმაში რაც შეიძლება მალე ჩადგეს. მაგრამ სათამაშოდ სხვა ფეხბურთელებიც მზად არიან, ისევე როგორც ის. ყველათი კმაყოფილი ვარ, კარგად მშრომელი ბიჭია და გუნდში სწორედ მისი მსგავსი ფეხბურთელები მჭირდება.

გაბრიელ სიგუა ჯაბას გადაწყვეტილების შემდეგ შევიყვანე. ის ახალგაზრდა ფეხბურთელია და მინდოდა, მსგავსი პროფილის მოთამაშე მყოლოდა გუნდში. ეს მას დაეხმარება, რომ უკეთესი ფეხბურთელი გახდეს.

ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები F ჯგუფში 1 ქულით მე-4 ადგილს იკავებს და პორტუგალიასთან გამარჯვების 1/8 ფინალური ეტაპის საგზურს მოიპოვებს. ჩვენს გუნდს მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი შესაძლოა ფრის შემთხვევაშიც ჰქონდეს, თუმცა, ამ შემთხვევაში საქართველოს ნაკრების ბედი სხვა მატჩების შედეგებზეც იქნება დამოკიდებული.

საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების დაპირისპირება 26 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები