ოფიციალურად - არნემის ვიტესს ლიცენზია შეუჩერეს
დღეს ნიდერლანდებში ლიცენზირების კომიტეტის სხდომა გაიმართა და სამწუხაროდ არნემის ვიტესს ლიცენზია შეუჩერეს. გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილის ყოფილი გუნდი სამოყვარულო ლიგაში ითამაშებს.
მთავარი პრობლემა, რომელმაც გუნდი გამოუვალ მდგომარეობამდე მიიყვანა, კრედიტორების მიმართ დიდი დავალიანება იყო, რომლის დაფარვასაც ვერ ახერხებდა.
კრიზისი ბოლო პერიოდში იმდენად გაღრმავდა, რომ გუნდის გადარჩენისთვის ბრძოლაში გულშემატკივრები და ყოფილი ფეხბურთელებიც ჩაერთნენ, რომელთაც შორისაც ბუნებრივია იყო გურამ კაშია, რომლის კაპიტნობითაც 2017 წელს „ვიტესმა“ ნიდერლანდების თასი პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად მოიგო.
შეგახსენებთ, რომ გასული სეზონი „ვიტესმა“ ნიდერლანდების ჩემპიონატში ბოლო ადგილზე დაამთავრა და ერედივიზიონიდან გავარდა.
გურამ კაშია ნიდერლანდურ კლუბში 2010/2018 წლებში თამაშობდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან ვიტესის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 293-ჯერ მოირგო, 24 გოლი გაიტანა და 18 საგოლე გადაცემა შეასრულა.
რაც შეეხება ყაზაიშვილს, ის ვიტესში 2011/2017 წლებში ასპარეზობდა და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 121 შეხვედრაში 28 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა.