„მთავარმა მსაჯმა შედეგზე გავლენა მოახდინა“ | რა თქვა ზლატკო დალიჩმა იტალიასთან მატჩზე
ხორვატიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ზლატკო დალიჩმა იტალიასთან გამართულ მატჩზე ისაუბრა, რომელიც ფრედ, 1:1 დასრულდა. დალიჩმა შეხვედრის მთავარი არბიტრი, დანი მაკელი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მას 8 წუთი არ უნდა დაემატებინა.
„ბიჭები მილოცვას იმსახურებენ, რადგან კარგი მატჩი ჩაატარეს, ბოლომდე იბრძოლეს და დიდი მსხვერპლი გაიღეს. დავწინაურდით კიდეც, მაგრამ 98-ე წუთზე გოლი გავუშვით და შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. მინდა, ვთქვა, რომ მთავარმა არბიტრმა შედეგზე გავლენა მოახდინა. წარმოდგენა არ მაქვს, სად იპოვა 8 წუთი, რომელიც მატჩს დაამატა.
5 წელია ვლაპარაკობ უეფა-სა და ფიფა-ს ქმედებებზე, მაგრამ არავინ მისმენს. მათთვის ხორვატია ძალიან პატარა საფეხბურთო ქვეყანაა და მარტო ვიბრძვით. მათთან შედარებით არაფერს წარმოვადგენთ და ყველაფერი, რასაც ვამბობ, სიტყვების ჰაერში სროლაა. არ შეიძლებოდა ამ მატჩისთვის 8 წუთი დაემატებინათ, მაგრამ არ მინდა, თავის გასამართლებელ მიზეზად მსაჯის ქმედებები მოვიყვანო. როგორც იტალიასთან, ისე ალბანეთთან ყველაფერი ჩვენს ხელში იყო და შეგვეძლო, სასურველი ანგარიში დაგვეფიქსირებინა. ძალიან ვწუხვარ, რომ ხორვატიას სათანადო პატივს არ სცემენ და მინდა, ბიჭებს დიდი მადლობა გადავუხადო“.
ცნობისთვის, იტალიამ ანგარიში 98-ე წუთზე, მატია ძაკანის გოლით გაათანაბრა და მეორე ადგილი დაიკავა. ხორვატია 2 ქულით მესამეა და პლეიოფში გასვლის 2 პროცენტიანი შანსი აქვს.