პორტუგალია თუ საქართველო | Opta-ს სუპერკომპიუტერის პროგნოზი
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში პორტუგალიას დაუპირისპირდება. „სელესაოსა“ და „ჯვაროსნების“ მატჩთან დაკავშირებით, Opta-მ სტატია გამოაქვეყნა და საკუთარი სუპერკომპიუტერის პროგნოზი შემოგვთავაზა.
ტრადიციულად, ცნობილი სტატისტიკური სააგენტოს სუპერკომპიუტერმა საქართველოსა და პორტუგალიის მატჩის 10 000 სიმულაცია ჩაატარა. „სელესაომ“ გამარჯვება სიმულაციების 75.8 პროცენტში იზეიმა, ვილი სანიოლის გუნდმა - 10.4 პროცენტში, ხოლო 13.8 პროცენტი ფრედ დასრულდა.
„პირველ ორ ტურში, საქართველოს კარისკენ ყველაზე მეტი დარტყმა (49) და ყველაზე მეტი ზუსტი დარტყმა (20) განხორციელდა. მოსალოდნელია, რომ გიორგი მამარდაშვილს პორტუგალიასთან უფრო რთული გამოცდის ჩაბარება მოუწევს, თუმცა, თუ შეინარჩუნა დონე, რომელიც საწყის შეხვედრებში აჩვენა, საქართველოს შანსი ექნება“, - წერს Opta-ს ვებგვერდი, The Analyst-ი.
ცნობისთვის, პორტუგალიისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 26 ივნისს, თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება. პორტუგალიურ პრესაში იწერება, რომ გუნდის თავკაცი, რობერტო მარტინესი ძირითად შემადგენლობაში ცვლილებებს განახორციელებს, რადგან „სელესაოს“ პირველი ადგილი განაღდებული აქვს.