პირველი სენსაცია კოპა ამერიკაზე | ბრაზილიამ კოსტა რიკას ვერ მოუგო
კოპა ამერიკაზე პირველი სენსაციის შემოქმედი კოსტა რიკა გახდა. „ლა სელემ“ ტურნირი ბრაზილიასთან გამართული მატჩით გახსნა და მიუხედავად იმისა, რომ „სელესაო“ მთელი თამაშის განმავლობაში უდიდეს უპირატესობას ფლობდა, შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა.
ბრაზილიას რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი ჰქონდა. 30-ე წუთზე, მარკინიოსმა გოლიც გაიტანა, რომელიც თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა. მეორე ტაიმში, ანგარიშის გახსნასთან ბრუნო გიმარაეში და ლუკას პაკეტა იყვნენ ახლოს. პაკეტას დარტყმა ძელს მოხვდა, გიმარაეშმა კი კოსტა რიკის ნაკრების მეკარეს, პატრიკ სეკეირას ვერ აჯობა, რომელიც მატჩის MVP გახდა.
ბრაზილიის ნაკრებს მეტოქის კარისკენ 19 დარტყმა ჰქონდა, კოსტა რიკას - 2. ბურთის ფლობა 74/26-ზე იყო, მოსალოდნელი გოლების ინდექსი - 1.66 და 0.03. მატჩის შემდეგ, „სელესაოს“ მთავარმა მწვრთნელმა, დორივალ ჟუნიორმა საკუთარი გუნდის თამაში შეაფასა და განაცხადა, რომ ფეხბურთელებით კმაყოფილი დარჩა.
„საერთო ჯამში, კარგი მატჩი ჩავატარეთ. ბურთს ვფლობდით, ფლანგებიდან და ცენტრიდან ვუტევდით და კარგი მომენტები შევქმენით, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში არ გაგვიმართლა. ვფიქრობ, ამ მატჩში, ბევრი დადებითი ეპიზოდი იყო, მაგრამ ფაქტია, რომ გვჭირდება, გზის პოვნა, რომელიც გამარჯვებებს მოგვიტანს“.
ცნობისთვის, ბრაზილიის ნაკრები D ჯგუფშია და კოსტა რიკის გარდა, მისი მეტოქეები კოლუმბია და პარაგვაი არიან. ამ გუნდების პირველ დაპირისპირებაში, კოლუმბიამ 2:1 იმარჯვა და 3 ქულით ჯგუფის ლიდერია.