ლუჩანო სპალეტი: რწმენა ბოლო წამამდე, ეს არის ფეხბურთი
ევრო 2024-ის B ჯგუფის დასკვნით ტურში ხორვატია იტალიას ლუკა მოდრიჩის გოლით ამარცხებდა, თუმცა მეორე ტაიმის მერვე დამატებულ წუთზე ძაკანიმ ულამაზესი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა და შეხვედრა ფრედ დასრულდა. ძაკანის გოლმა იტალიას მერვედფინალში თამაში გაუნაღდა, სპალეტის გუნდი 4 ქულით მეორე ადგილზე გავიდა.
ლუჩანო სპალეტი: „როცა თამაშები ასე სრულდება, ეს ყველაფერი კიდევ უფრო ემოციური ხდება. როცა აღარავის სჯერა, თუმცა ფეხბურთელები საქმეს აკეთებენ. რწმენა ბოლო წამამდე, ეს არის ფეხბურთი. სახიფათო მომენტები იყო, გამორჩეული მომენტები იყო, მაგრამ ახლა ყველაფერი წარსულია. გატანილი გოლის გარდა ამ შეხვედრაში ორი-სამი რეალური საგოლე მომენტი გვქონდა.
გარკვეულ მომენტები უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, ჩვენი სტანდარტის შესაბამისად არ ვთამაშობთ, ზოგჯერ ბურთს მარტივ ვითარებებში ვკარგავდით, რაც არ უნდა მომხდარიყო. ჩემი ფეხბურთელებისგან უფრო მეტს ველი. ახლა შემდეგ მატჩზე ფიქრის დროა’’.
B ჯგუფში ესპანეთი 9 ქულით პირველზე გავიდა, იტალია 4 ქულით მეორეზე, ხორვატიამ 2 ქულა დააგროვა, ალბანეთმა მხოლოდ 1.
მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე იტალია პირველი ნაკრებია, რომლის მეტოქე მერვედფინალში ცნობილია, 29 ივნისს სპალეტის გუნდი ბერლინში "ოლიმპიაშტადიონზე" შვეიცარიას შეხვდება.