ბოლო წამებზე გადარჩენილი მატჩი - იტალია მერვედფინალშია
B ჯგუფის ბოლო ტურის ორ შეხვედრაში სამი გოლი გავიდა - ხორვატია - იტალიის მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა, ხოლო ესპანელებმა ალბანელები მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხეს. შედეგად „ფურია როხამ“ ქულათა მაქსიმუმს მოუყარა თავი, ლუჩიანო სპალეტის მომზადებული აპენინელები კი 4 ქულით მეორე ადგილზე გავიდნენ, პლეი ოფის საგზური გაინაღდეს და მერვედფინალში მათი მეტოქე შვეიცარია იქნება. რაც შეეხება ესპანელებს, ისინი რომელიმე ჯგუფის მესამეადგილოსანს დაუპირისპირდებიან.
იტალიელები ხორვატებთან დუელს უსიამოვნო სერიით შეხვდნენ - მათ მეტოქე ბოლოს შორეულ 1942 წლის 5 აპრილს ჰყავდათ დამარცხებული, მას შემდეგ გამართული 8 მატჩიდან კი 3 წაგებული ჰქონდათ და 5 ფრედ დასრულებული.
„სკუადრა აძურას“ ძირითადი ამოცანის შესრულება და მერვედფინალში მეორე ადგილით გასვლა ფრის შემთხვევაშიც შეეძლო და იტალიელებმა სწორედ ასეთ შედეგს მიაღწიეს.
მატჩში მოვლენები საინტერესოდ და დრამატულად განვითარდა - მეორე ტაიმის დასაწყისში ფრატეზის ხელით თამაშისთვის დანიშნული პენალტი ლუკა მოდრიჩს ჯანლუიჯი დონარუმამ აუღო, თუმცა მოგერიებული ბურთის შემდეგ ხორვატების შეტევა გაგრძელდა და სწორედ დალმაციელთა ლეგენდარულმა კაპიტანმა გახსნა ანგარიში, როდესაც ბუდიმირს დარტყმულს შედეგიანად დაამატა. 38 წლისა 289 დღის ასაკში მოდრიჩი გახდა ყველაზე ხანდაზმული ფეხბურთელი, რომელმაც კონტინენტის პირველობის ფინალურ ეტაპზე გოლი გაიტანა. თითქოს ხორვატების გამარჯვებას საფრთხე აღარ უნდა დამუქრებოდა, მაგრამ შეხვედრის უკანასკნელ წამებზე ცვლილებაზე შესულმა მატია ძაკანიმ ეფექტური დარტყმით წონასწორობა აღადგინა.
ესპანეთის ნაკრებმა, რომელსაც ბოლო ტურის არამხოლოდ პლეი ოფის საგზური, არამედ პირველი ადგილიც განაღდებული ჰქონდა, ალბანელებთან მთლიანად გადახალისებული შემადგენლობა გამოიყვანა და პირველ ტაიმში დანი ოლმოს გამოზომილი გადაცემის შემდეგ ისინი ფერან ტორესმა დააწინაურა.
სხვა რეზერვისტებთან ერთად სასტარტო თერთმეტეულში იყო ხესუს ნავასი, რომელიც ერთი რეკორდის ავტორი გახდა - „სევილიას“ 38 წლის ფეხბურთელი გახდა ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, რომელსაც ევროპისა და თუ მსოფლიოს ჩემპიონატზე „ფურია როხას“ შემადგენლობაში უთამაშია. ნავასმა სანტიაგო კანისარესის მიღწევა გააუმჯობესა, რომელმაც 2006 წლის მუნდიალზე 36 წლის ასაკში ითამაშა. შესვენების შემდეგ ალბანელები გააქტიურდნენ, მაგრამ წონასწორობის აღდგენა ვერ მოახერხეს და ესპანელებმა მატჩი გამარჯვებამდე პრობლემების გარეშე მიიყვანეს.