სუმოისტების 5 მედალი ევროპის ჩემპიონატზე
პოლონეთში გამართული ჭაბუკ სუმოისტთა ევროპის ჩემპიონატი ჩვენი ქვეყნისთვის წარმატებული გამოდგა. პრესტიჟულ ტურნირზე ოთხი ქართველი მონაწილეობდა, რომელთაც ჯამში 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
საუკეთესო შედეგი დავით აქუბარდიამ აჩვენა - მან 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველობა არავის დაუთმო. თუმცა, ის ამით არ დაკმაყოფილდა და აბსოლუტურ წონით კატეგორიაში, სადაც მასზე გაცილებით მძიმე სუმოისტები ასპარეზობდნენ, მეორე ოქროს მედალი მოიგო.
ჩემპიონობამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა დავით აბალაკს, რომელიც მძიმე წონით კატეგორიაში ასაკით ყველაზე პატარა მონაწილე იყო და საბოლოოდ ვიცე-ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. აქუბარდიას მსგავსად, მანაც იასპარეზა აბსოლუტურში და საპრიზო მესამე ადგილი დაიკავა.
რაც შეეხება ჩვენი დელეგაციის მეორე ვერცხლის მედალს, ის საქართველოს სუმოისტთა ნაკრებმა, რომლის რიგებშიც დავით აქუბარდიას და დავით აბალაკის გარდა, ნიკოლოზ აქუბარდია და ზურაბ მამულაძე ჭიდაობდნენ, გუნდურ შეჯიბრებაში მოიპოვა.