CalcioNapoli24: მამუკა ჯუღელი ხვიჩასთვის ხელფასის სახით 8 მილიონს ითხოვს
ხვიჩა კვარაცხელიას მომავალი ჯერ კიდევ ბუნდოვანია. ქართველი ფეხბურთელის გარემოცვას კლუბის შეცვლა სურს, ხოლო ნაპოლიში ამბობენ, რომ მას არსად გაუშვებენ.
ამ საკითხთან დაკავშირებით, CalcioNapoli24 ახალ ინფორმაციას ავრცელებს. ვიგებთ, რომ მამუკა ჯუღელმა და ხვიჩა კვარაცხელიას მამამ ბადრიმ ნაპოლის კიდევ უფრო მეტად გაზრდილი ხელფასი მოსთხოვეს.
აქამდე ცნობილი იყო, რომ ქართული მხარე 4.5, ხუთ მილიონ ევროს ითხოვდა. დღეს კი CalcioNapoli24 წერს, რომ საუბარი 8 მილიონ ევროზეა.
ამას კი ორი მიზეზი აქვს. პირველი ვიქტორ ოსიმენი გახლავთ, რომელსაც კონტრაქტი გაუხანგრძლივეს და ანაზღაურება 10 მილიონამდე გაუზარდეს.
მეორე მიზეზი კი პარი სენ ჟერმენია. ფრანგული გუნდი კვარაცხელიას წელიწადში 10 მილიონ ევროს სთავაზობს.
წინ ცხელი ზაფხული გველის, რადგან აშკარაა, რომ ჯერჯერობით მხარეები ვერაფერზე თანხმდებიან. ამ მომენტისთვის კი ხვიჩა კვარაცხელია გერმანიაში ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრებთან ერთად იმყოფება და პორტუგალიასთან მატჩისთვის ემზადება.