ალექსანდრე იაშვილი
Aa
Aa

„საამაყოა, რომ ბოლო ტურის წინ შანსი გვაქვს“ | ალექსანდრე იაშვილის კომენტარი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა. იაშვილმა ქართველ გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა და ოთარ კიტეიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ახალი ინფორმაცია გაავრცელა.

„ძალიან საამაყოა, რომ ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, შანსი გვაქვს და პლეიოფში გასვლის საკითხი ჩვენს ხელშია. ბიჭებს დღეს დასვენების დღე აქვთ. როგორც იცით, ამ დონის თამაშებს დიდი ენერგია მიაქვთ და ფეხბურთელებისთვის დროის ოჯახის წევრებთან გატარება მნიშვნელოვანი იყო.

ოთარ კიტეიშვილმა დღეს ინდივიდუალურად, მაგრამ მაღალი ინტენსივობით ივარჯიშა. ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ხვალიდან გუნდურ ვარჯიშებს ნელ-ნელა შეუერთდება. ჩვენი მიზანია, თამაშის წინა დღეს სრული დატვირთვით ივარჯიშოს.

საქართველოს ნაკრები ყველა მატჩში წარმატების მისაღწევად იბრძვის. გუნდის მენტალიტეტზე მეტყველებს ის, რომ ჩეხეთთან მატჩის შემდეგ ყველანი დამწუხრებული ვიყავით. იგივე ეხება თურქეთთან შეხვედრასაც. ბიჭებმა ყველა ბურთისთვის იბრძოლეს და რა თქმა უნდა, მინდა, ნაკრების სახელით, მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს. სტადიონზე საოცარი ატმოსფერო იყო და გეგონებოდა, თბილისში ვთამაშობდით, რაც ფეხბურთელებისთვის და ჩვენთვის ბევრს ნიშნავს.

ჩვენი მიზანია პროგრესს მივაღწიოთ, წინ წავიდეთ და გამოცდილება მივიღოთ. გვინდა, ყველას დავანახოთ, რომ ჩვენი ადგილი აქაა და ევროპის ჩემპიონატზე თამაში არა ერთჯერადი, არამედ სისტემატური მოვლენა იყოს. გვინდა, წარმატებული ნაკრები და საფეხბურთო ქვეყანა ვიყოთ“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს 1 ქულა აქვს და პლეიოფში გასასვლელად 3 ქულის აღება ესაჭიროება. არის თეორიული შანსი, ფრეც საკმარისი აღმოჩნდეს, მაგრამ ამისთვის, საჩვენოდ ბევრი რამ უნდა მოხდეს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
დვალიშვილის დომინაცია | მერაბმა აშშ-ში სამბოს ტურნირი მოიგო
დვალიშვილის დომინაცია | მერაბმა აშშ-ში სამბოს ტურნირი მოიგო