ცვლილებები საქართველოსთან მატჩისთვის | რას წერს პორტუგალიური გამოცემა
საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას პორტუგალიასთან გამართავს. „სელესაოს“ პირველი ადგილი განაღდებული აქვს და ცნობილი პორტუგალიური პორტალი, SAPO იმ ცვლილებებზე წერს, რომლებიც შესაძლოა, გუნდის თავკაცმა, რობერტო მარტინესმა ძირითად შემადგენლობაში გაატაროს.
„მოსალოდნელია, რომ 41 წლის პეპე და 39 წლის რონალდუ, რომლებმაც პირველი ორი თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყეს, დასვენების უფლებას მიიღებენ. ასევე, დაისვენებს ჟოაუ პალინია, რომელსაც ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში, დისკვალიფიკაცია ემუქრება.
ფრანსისკუ კონსეისაუს სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრის დიდი შანსი აქვს. მაღალი ალბათობაა, რომ ბრუნო ფერნანდეშმა და ბერნარდუ სილვამაც დაისვენონ, ხოლო დანილო, მატეუშ ნუნეში, ჟოაუ ფელიქსი და გონსალუ რამუში, რომლებსაც ევროზე ჯერ არ უთამაშიათ, თავის გამოჩენის შანსს მიიღებენ. შესაძლოა, რობერტო მარტინესმა როტაციას მეკარის პოზიციაზეც მიმართოს და კარში ჟოზე სა ან რუი პატრისიუ დააყენოს", - წერს პორტუგალიური გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს 1 ქულა აქვს და პლეიოფში გასასვლელად 3 ქულის აღება ესაჭიროება. არის თეორიული შანსი, ფრეც საკმარისი აღმოჩნდეს, მაგრამ ამისთვის, საჩვენოდ ბევრი რამ უნდა მოხდეს.