ბარნაბას ვარგას ოპერაცია ჩაუტარდება | შობოშლაიმ ექიმები გააკრიტიკა
ევრო 2024-ზე, შოტლანდიასა და უნგრეთის მატჩის მიმდინარეობისას, ბარნაბას ვარგა „სკოტების“ მეკარეს შეეჯახა და მძიმე დაზიანება მიიღო. მომხდარის გამო, შეხვედრა რამდენიმე წუთით შეჩერდა და ვარგას საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.
უნგრეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, მარკო როსის მიხედვით, ვარგას ყვრიმალის ძვლის მოტეხილობა აქვს და ოპერაცია ჩაუტარდება. 29 წლის თავდამსხმელი, მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე უნგრეთის ნაკრებს ვერ დაეხმარება.
შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ, დომინიკ შობოშლაიმ სამედიცინო ბრიგადა გააკრიტიკა, რომელიც აღნიშნულ თამაშს მოემსახურა. შობოშლაის თქმით, მათ მოედანზე გამოსვლა დააგვიანდათ, რასაც შეიძლებოდა, ფატალური შედეგები მოჰყოლოდა.
„ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც ვარგასთან მივიდა და შოკში ჩავვარდი. არ ვიცი, პროტოკოლი როგორია, მაგრამ თქვენც ნახეთ, რომ სერიოზულ პრობლემასთან გვაქვს საქმე. რაღაც უნდა შეიცვალოს. ექიმები ბევრად, ბევრად სწრაფად უნდა გამოვიდნენ მოედანზე, რადგან ყველამ იცის, რომ ასეთ მომენტებში, წამებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს“.
სხვათა შორის, შობოშლაი სამედიცინო ბრიგადას საკაცის გამოტანაშიც დაეხმარა და მატჩის შემდეგ, უნგრეთის ნაკრების ლიდერმა გამარჯვება ვარგას მაისურით აღნიშნა.