„პორტუგალია 2:0-ს მოიგებს“ | კრის სატონის პროგნოზი ბოლო ტურის მატჩზე
„ჩელსის“, „სელტიკისა“ და „ასტონ ვილას“ ყოფილმა ფეხბურთელმა, კრის სატონმა საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების მატჩზე ისაუბრა. 51 წლის მოთამაშემ, რომელიც კომენტატორად მუშაობს, საკუთარი პროგნოზი გაგვიზიარა და „სელესაოს“ გამარჯვება ივარაუდა.
„პორტუგალია პლეიოფში გასულია და პირველი ადგილი განაღდებული აქვს. ეს ბრწყინვალე სცენარია იმისთვის, რომ რობერტო მარტინესმა რამდენიმე ფეხბურთელი დაასვენოს და სრულად გამოიყენოს შემადგენლობა, რომელიც ძალიან ძლიერია. პორტუგალიამ თურქეთის ბარიერი მარტივად დაძლია და მართალია, ჯერჯერობით საუკეთესო შთაბეჭდილება ესპანეთმა დატოვა, მაგრამ მიმაჩნია, რომ პორტუგალიას მომატება შეუძლია.
საქართველო ყველა თამაშში მაქსიმუმს აკეთებს და ჩეხეთთან მატჩში, ქულის სახით, ჯილდო მიიღო. მომეწონა თურქეთთან და ჩეხეთთან როგორც ითამაშეს, მაგრამ პორტუგალია საერთოდ სხვა გამოცდილებისა და ხარისხის მქონე გუნდია. ვფიქრობ, სელესაო 2:0-ს მოიგებს“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების დაპირისპირებას ოთხშაბათს ვიხილავთ. შეხვედრა თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება და პლეიოფში გასვლის თეორიული შანსის შესანარჩუნებლად, „ჯვაროსნებს“ მინიმუმ ქულის აღება ესაჭიროებათ.