„ევრო 2024-ის აღმოჩენა“ | Foot Mercato-ს სტატია მამარდაშვილზე
გიორგი მამარდაშვილმა ჩეხეთთან და თურქეთთან ნაჩვენები თამაშით საფეხბურთო სამყარო აალაპარაკა. საქართველოს ნაკრების მეკარის ასპარეზობაზე ცნობილმა ფრანგულმა გამოცემამ, Foot Mercato-მაც დაწერა და „მამარდა“ შეაქო.
გიორგი მამარდაშვილი - ევრო 2024-ის აღმოჩენა, რომელიც სატრანსფერო ბაზარს გამოაცოცხლებს
„საქართველოსა და ვალენსიას მეკარე, გიორგი მამარდაშვილი შთაბეჭდილების მოხდენას განაგრძობს. ფანტასტიკური ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, ლა ლიგის უკვე ერთ-ერთ საუკეთესო მეკარეზე, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას ბევრს ილაპარაკებენ.
თურქეთთან წაგებული მატჩის მიუხედავად, საქართველოს ნაკრები ბრწყინავს და ჩეხეთთან შეხვედრაში ქულის აღება მოახერხა. ამ ორ თამაშში, გიორგი მამარდაშვილმა თავისი ტალანტი აჩვენა. ყველაფერი ძალიან მარტივადაა. ტურნირი ახალი დაწყებულია და მან უკვე 15 სეივი შეასრულა. 4 თურქეთთან, 11 პორტუგალიასთან. 23 წლის მეკარე გამოწვევებს გაუმკლავდა და ვალენსიაში ჩატარებული ბრწყინვალე სეზონის შემდეგ, საკუთარ სტატუსს ევროზე ამტკიცებს.
გიორგის კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე აკავშირებს, მაგრამ ზაფხულში მესტალიას დატოვების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი იქნება. იგი ბაიერნს, ჩელსის, ინტერს, ტოტენჰემსა და ატლეტიკოს დაუკავშირეს, ბოლო კვირებში კი ყველაზე აქტიურად ნიუკასლზე იწერებოდა. კაჭკაჭებმა არჩევანი ჯეიმს ტრაფორდზე შეაჩერეს, რადგან მისი ტრანსფერი გაცილებით იაფი დაუჯდებათ, თუმცა, ევროზე ნაჩვენები თამაში აშკარას ხდის, რომ ტურნირის შემდეგ, მამარდაშვილზე დიდი ბრძოლა წავა“, - წერს ფრანგული გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას პორტუგალიასთან გამართავს.