იულიან ნაგელსმანი, ნიკლას ფულკრუგი
Aa
Aa

ნაგელსმანი: ტაქტიკურად კარგად ვიმუშავეთ, ქულა დავიმსახურეთ

ევრო 2024-ის A ჯგუფის მესამე ტურში შვეიცარია დან ნდოიეს გოლით გერმანიას ამარცხებდა, თუმცა ცვლილებაზე გამოსულმა ნიკლას ფულკრუგმა მეორე ტაიმის მეორე დამატებულ წუთზე  გაიტანა და გერმანია მარცხისგან იხსნა. ამ შედეგით იულიან ნაგელსმანის გუნდი პირველ ადგილზე გავიდა, შვეიცარიას ბურთების უკეთესი შეფარდებით აჯობა.

იულიან ნაგლესმანი: „საბოლოოდ ჩვენ ამ მატჩში ქულა დავიმსახურეთ, რა თქმა უნდა კონტრშეტევა რისკია და შესაძლოა ამ დროს გოლი გაუშვა, მაგრამ საქმე კარგად შევასრულეთ.

შვეიცარია ბრწყინვალე ოპონენტი იყო. სანახაობრივი თამაში გამოვიდა, ტაქტიკურად კარგად ვმოქმედებდით.

ფულკრუგმა ისევ შეაგდო, კარგი გოლი იყო. ის ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი მოთამაშეა. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ფეხბურთელის თამაშში ჩართვის შესაძლებლობა მაქვს.

მნიშვნელოვანი ისეთი მოთამაშეების ყოფნა, რომლებსაც ცვლილებაზე გამოსვლისას გადამწყვეტი გოლის გატანა შეუძლიათ. მეტოქის თამაშს აანალიზებ და ამის მიხედვით სასტარტო შემადგენლობას ადგენ, შემდეგ კი მატჩის მიმდინარეობისას შეგიძლია განსხვავებული მოთამაშეები თამაშში ჩართო’’.

ამავე ჯგუფის მეორე შეხვედრაში უნგრეთმა მეორე ტაიმის მე-10 დამატებულ წუთზე კევინ შობოტის გატანილი გოლით შოტლანდიას მოუგო, მესამე ადგილზე გავიდა და ჯგუფიდან გასვლის შანსს ინარჩუნებს. თუ საუკეთესო მესამეადგილოსნებში მოხვდება, ევროპის ჩემპიონატზე თამაშს გააგრძელებს.

A ჯგუფში გერმანია 7 ქულით პირველზე გავიდა, შვეიცარიის ანგარიშზე 5 ქულაა, უნგრეთმა 3 ქულა მოიპოვა, შოტლანდია 1 ქულით ბოლოზე გავიდა და ტურნირს დაემშვიდობა.

გერმანიის ნაკრები მერვედფინალში C ჯგუფის მეორეადგილოსანს დაუპირისპირდება. C ჯგუფში ინგლისი, დანია, სლოვენია და სერბეთი თამაშობენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები