შენგელიას 17 ქულა, ბითაძის ორმაგი დუბლი - საქართველო იტალიასთან დამარცხდა
კალათბურთში, ტრენტოს თასზე იტალიამ ალეკსანდრ ჯიკიჩის გაწვრთნილ საქართველოს 79:68 მოუგო.
პირველ მეოთხედში იტალია 17:23 დამარცხდა. მეორე პერიოდმა იტალიელთა დომინირებით ჩაიარა - 20:7. მესამე პერიოდი 21:21 დასრულდა. მეოთხე პერიოდი იტალიამ 21:17 მოიგო.
საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე შედეგიანი თორნიკე შენგელია იყო, მის ანგარიშზე 17 ქულაა. ასევე, აღსანიშნავია გოგა ბითაძის კარგი თამაში, ნაკრებს ორმაგი დუბლით დაეხმარა (12 ქულა და 11 მოხსნა). ჩაგდებული ქულების რაოდენობით მათ მოჰყვებიან ჯო ტომასონი (9), გიორგი კორსანტია (9), დავით კაკუშაძე (8), დუდა სანაძე (8).
მოხსნებში ბითაძე საუკეთესო იყო. მის გარდა ამ კუთხით თორნიკე შენგელია (7 მოხსნა) და გიორგი კორსანტია (5 მოხსნა) გამოირჩეოდნენ.
ალეკსანდრ ჯიკიჩმა იტალიაში შემდეგი მოთამაშეები წაიყვანა: რატი ანდრონიკაშვილი, ლუკა მაზიაშვილი, გიორგი ოჩხიკიძე, ჯო, ტომასონი, დავით კაკუშაძე, დუდა სანაძე, კახა ჯინჭარაძე, ალექსანდრე ფევაძე, ავთანდილ ბახტაძე, სანდრო მამუკელაშვილი, თორნიკე შენგელია, გიორგი კორსანტია, გოგა ბითაძე, ილია ლონდარიძე.
ფოტო: საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახური