გიორგი მამარდაშვილი, ლოთარ მათეუსი
Aa
Aa

არ მესმის ბაიერნმა რატომ არ შეიძინა - მათეუსმა მამარდაზე ისაუბრა

ლეგენდარულმა გერმანელმა ფეხბურთელმა ლოთარ მათეუსმა გერმანულ მედიასთან გიორგი მამარდაშვილზე ისაუბრა.

1990 წლის მუნდიალის გამარჯვებული, რომელიც ჩეხეთი-საქართველოს მატჩს დაესწრო, MagentaTV-სთან ინტერვიუში აღნიშნავს: „ხედავთ მის თამაშს, ვფიქრობ მამარდაშვილი ნოიერის ღირსეული შემცვლელი იქნებოდა. „ბაიერნმა’’ ძალიან, ძალიან კარგი მეკარე არ დაიმატა. არ მესმის „ბაიერნმა’’ მამარდაშვილი რატომ არ შეიძინა’’.

შეგახსენებთ, 2023 წლის ზაფხულში „ბაიერნი’’ მამარდას ტრანსფერზე მუშაობდა, თუმცა საბოლოოდ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა, „ბაიერნმა’’ მის შეძენაზე უარი თქვა.

მათეუსმა მამარდაშვილის სატრანსფერო თანხაზე შემდეგი კომენტარი გააკეთა: „ასეთი კარგი ფეხბურთელების, რომლებიც ტიტულების მოგებაში გეხმარებიან, სატრანსფერო თანხა 35 მილიონზე მეტია’’.

გიორგი მამარდაშვილმა ჩეხეთთან საოცრად ითამაშა, მის აქტივში 11 „სეივია'', „ვალენსიას'' მეკარემ ბრწყინვალე რეაქციებით საქართველოს ნაკრები გოლისგან არაერთხელ იხსნა, მისმა შთამბეჭდავმა მოქმედებებმა თამაშზე უდიდესი გავლენა მოახდინა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

გიორგი მამარდაშვილს ჩეხეთთან 11 სეივი ჰქონდა. ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში, ჯგუფურ ეტაპზე ამაზე უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ ერთხელ დაფიქსირდა. ევრო 2024-ზე ლატვიელმა ალექსანდერს კოლინკომ ნიდერლანდებთან 12 „სეივი'' შეასრულა.

ევრო 2024-ის F ჯგუფის საწყის ორ ტურში ვილი სანიოლის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა 1 ქულა მოიპოვა, პირველ ტურში თურქეთთან დამარცხდა (3:1), შემდეგ კი ჩეხეთთან 1:1 ითამაშა.

პორტუგალია 6 ქულით ლიდერია, თურქეთის აქტივში 3 ქულაა, ჩეხეთი და საქართველო თითო-თითო ქულით ჯგუფის აუტსაიდერები არიან. მესამე ტურში საქართველოს ნაკრები გელზენკირხენში პორტუგალიას დაუპირისპირდება (26 ივნისი, 23:00), ჩეხეთი - თურქეთს (26 ივნისი, 23:00).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები