მოურინიოს ფენერში მიქაუტაძე სურს - თურქული მედიის საინტერესო ცნობა
თურქული Sabah-ის ინფორმაციით, ჟოზე მოურინიოს „ფენერბახჩეს’’ გაძლიერება გიორგი მიქაუტაძით სურს. პორტუგალიელ სპეციალისტს, რომელმაც ახლახან თურქული კლუბი ჩაიბარა, თვალი ქართველ ფორვარდზე უჭირავს. „განსაკუთრებული’’ ევროპის ჩემპიონატის მატჩებს აქტიურად უყურებს და გიორგი მიქაუტაძის თამაშმა მასზე შთაბეჭდილება მოახდინა. ჟოზე „ფენერის'' გაძლიერებაზე ფიქრობს და მისი სურვილი მიქაუტაძის თავის გუნდში ხილვაა. ამ ეტაპზე სხვა დეტალები უცნობია.
გასულ სეზონში „ფენერი'' თურქეთის ჩემპიონატში მეორე ადგილზე გავიდა, ჩემპიონ „გალათასარაის'' 3 ქულით ჩამორჩა და შემდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.
მიქაუტაძე ლიგა 1-ის გასული სეზონის მეორე ნახევარში, მას შემდეგ რაც „აიაქსიდან’’ „მეცში’’ დაბრუნდა, საფრანგეთის ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი იყო. მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საწყის ორ ტურში 2 გოლი შეაგდო. ამ ეტაპზე გერმანელ ჯამალ მუსიალასთან და სლოვაკ ივან შრანცთან ერთად ტურნირის ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილს იყოფს.
2023-24 წლების სეზონი მიქაუტაძემ „მეცში’’ დაიწყო, გასული წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს „აიაქსმა’’ 16 მილიონად შეიძინა (პლუს ბონუსები), თუმცა წარუმატებელი ნიდერლანდური პერიოდის შემდეგ ზამთარში „მეცში’’ იჯარით დაბრუნდა და სეზონის მეორე ნახევარში საოცრად შედეგიანი იყო, ლიგა 1-ის 17 მატჩში 11 გოლი შეაგდო და 3 საგოლე პასი შეასრულა. საბოლოოდ, „მეცი’’ ლიგა 1-დან გავარდა, ფრანგულმა კლუბმა კონტრაქტში ჩადებული პუნქტით ისარგებლა და 13 მილიონად დაიბრუნა, თუმცა ცხადია მიქაუტაძის ლიგა 2-ში თამაში ასეთი სეზონის შემდეგ წარმოუდგენელია, მას ბევრი მსურველი ჰყავს, მეტწილად საფრანგეთიდან („რენი'', „ლიონი'', „მარსელი'', „ლანსი'', „მონაკო'').