ხვიჩა ლივერპულსაც სურს - პსჟ-ს კონკურენტი გამოუჩნდა
მართალია ჯერჯერობით ხვიჩა კვარაცხელიასთვის ევროპის ჩემპიონატი ისე არ მიმდინარეობს, როგორც თავად და მისი ერთგული გულშემატკივარი ისურვებდა, თუმცა ევროპული ფეხბურთის გრანდები „ნაპოლის“ ერთ-ერთი ლიდერით ძველებურად ინტერესდებიან. თუ აქამდე ხვიჩას ყველაზე მეტად „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლას უწინასწარმეტყველებდნენ, ახლა უკვე ჰორიზონტზე „ლივერპულიც“ გამოჩნდა.
მერსისაიდული გამოცემა CaughtOffside Yahoosports-ზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, „წითლების“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა კლუბის ხელმძღვანელებს „პარტენოპეის“ 23 წლის ქართველი შემტევი ტიპის ნახევარმცველის ტრანსფერზე მუშაობის დაწყება მოსთხოვა. ნეაპოლელთა 77-ე ნომრის წასვლის ალბათობა მას შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა, როდესაც მამამისმა ბადრი კვარაცხელიამ გადაცემაში „სპორტი იმედზე“ აღნიშნა, რომ ძალიან უნდა ხვიჩამ ნეაპოლი დატოვოს და კარიერა სხვა გუნდში განაგრძოს.
აურზაურის ჩასაცხრობად კი „ნაპოლიმ“ ოფიციალური განცხადება მაშინვე გაავრცელა და აღნიშნა, რომ ფეხბურთელის მომავალს მამები და აგენტები არ წყვეტენ. საბოლოო სიტყვა ბუნებრივია თავად კვარაზეა, რომელმაც აღნიშნა, რომ ამჟამად მთლიანად საქართველოს ნაკრებსა და ევროპის ჩემპიონატზეა კონცენტრირებული და საბოლოო გადაწყვეტილებას კონტინენტის პირველობის დასრულების შემდეგ მიიღებს.