რაულმა დარჩენა გადაიფიქრა - სევილიასთან მოლაპარაკებები იწყება
რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც რაული მომავალ სეზონშიც „კასტილიას“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე იმუშავებდა. თუმცა, როგორც ჩანს, მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და ესპანური ფეხბურთის ლეგენდა ახლა უკვე წასვლას არ გამორიცხავს.
მისი აგენტი აგენტი მოლაპარაკებებს „სევილიასთან“ აწარმოებს. ანდალუსიელები გასულ სეზონში ესპანეთის ლა ლიგაში მათთვის შეუფერებელ, მე-14 ადგილზე გავიდნენ, რის გამოც ცვლილებებს გეგმავენ და ახალი პროექტის განხორციელებისთვის რაული იდეალურ კანდიდატად მიაჩნიათ. სამეფო კლუბის შეფებს „კასტილიას“ ამჟამინდელ დამრიგებელთან იმდენად კარგი ურთიერთობა აქვთ, რომ „დალაქების“ მხრიდან სერიოზული დაინტერესების შემთხვევაში, მის დაყოვნებას არ აპირებენ და თუ წავა, რაულს 19-წლამდე გუნდის მთავარი მწვრთნელით, ალვარო არბელოათი ჩაანაცვლებენ.
გონსალეს ბლანკოს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე დიდი მიღწევა ჯერჯერობით „რეალის“ 19-წლამდე გუნდთან ერთად 2020 წელს ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. „კასტილიამ“ საერთო ჯამში მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული 167 შეხვედრიდან 70-ში გაიმარჯვა, 51 ფრედ დაასრულა და 46-ში დამარცხდა.