ჯანაშია: „მამარდაშვილი ევროპის საუკეთესო მეკარეა“
ვეტერან ქართველ ფეხბურთელს ზაზა ჯანაშიას სხვადასხვა უცხოური სპორტული გამოცემები საქართველოს ეროვნული ნაკრების თითქმის ყველა მატჩის შემდეგ უკავშირდებიან და თამაშის შეფასებას თხოვენ. 48 წლის ვეტერანმა მოთამაშემ ამჯერად როგორც შეხვედრის ბოლო წამებზე მომხდარი ეპიზოდი, ასევე გიორგი მამარდაშვილის ფენომენალური ასპარეზობა მიმოიხილა
რა თქვა ჯანაშიამ
რა რეაქცია მქონდა, როდესაც საბა ლობჟანიძემ ბოლო წამებში საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა? აჯობებს დეტალები არ მოვყვე (იცინის). კინაღამ ინფარქტი მივიღე.
არ ვიცი საბა იმ წამს რაზე ფიქრობდა, მაგრამ ბურთის დამუშავებისთვის და ცივსისხლიანად მოქმედებისთვის საკმარისზე მეტი დრო ჰქონდა.
შეეძლო თუ არა საქართველოს ნაკრებს გამარჯვება? რა თქმა უნდა შეეძლო და ეს პირველ რიგში გიორგი მამარდაშვილის დამსახურებაა, რომლის სახითაც ქართველებს ევროპის საუკეთესო მეკარე გვყავს. თუ არ გჯერათ, შეგიძლიათ გადაავლოთ ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე აქამდე გამართულ ყველა მატჩს თვალი და მისი კლასის გოლკიპერს თუ დამისახელებთ, მერე მეკამათეთ.
1997-2001 წლებში ზაზა ჯანაშიამ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 9 შეხვედრაში (4-ჯერ შეცვლაზე შევიდა) 4 გოლი გაიტანა. საკლუბო დონეზე კი, ზუგდიდის „ოდიშის“, თბილისის „შევარდენი 1906“-ის, „სამტრედიას“, მოსკოვის „ლოკომოტივის“, თბილისის „ლოკომოტივის“, თურქეთის „ქოჯაელისპორისა“ და რუსეთის „ბალტიკას“ რიგებში საერთო ჯამში გამართულ 294 შეხვედრაში მის ანგარიშზე 86 გოლია.