„ფანტასტიკური სეივები ჰქონდა“ | კოლერმა მამარდა შეაქო და ჩეხეთზე ისაუბრა
ჩეხური ფეხბურთის ლეგენდამ, იან კოლერმა საქართველოსთან გამართულ მატჩზე ისაუბრა, რომელიც ფრედ, 1:1 დასრულდა. კოლერი ივან ჰაშეკის გუნდის თამაშით კმაყოფილი დარჩა, გიორგი მამარდაშვილი შეაქო და განაცხადა, რომ ნაკრების ბოლომდე სჯერა.
„ორი ქულა დავკარგეთ. გამარჯვებას ვიმსახურებდით, მაგრამ შანსები ვერ გამოვიყენეთ. მატჩი კარგად დავიწყეთ და პენალტის ეპიზოდამდე, ქართველებს არაფერი შეუქმნიათ. ბევრი მომენტი გვქონდა, მაგრამ გოლი ვერ გავიტანეთ და რა პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, შეხვედრის ბოლოს კინაღამ დავმარცხდით.
საქართველოს რამდენიმე შესანიშნავი ინდივიდუალისტი ჰყავს, მაგრამ ჩვენმა ნაკრებმა დაცვაში ბრწყინვალედ ითამაშა და მეტოქეს არაფრის შანსი არ მისცა. ჩვენი გუნდის მიერ ნაჩვენები ფეხბურთით კმაყოფილი ვარ, შედეგით - ნამდვილად არა. საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი უნდა შევაქოთ. მან პატრიკ შიკისა და ადამ ჰლოზეკის დარტყმების შემდეგ, ფანტასტიკური სეივები შეასრულა.
როგორც აღვნიშნე, მომენტები ვერ გამოვიყენეთ და ახლა ყველაფერი თურქეთთან გასამართ შეხვედრაზეა დამოკიდებული. ოპტიმიზმს ვინარჩუნებ და მჯერა, ტურნირს გამარჯვების გარეშე არ დავასრულებთ“.
შეგახსენებთ, რომ ორი ტურის შემდეგ, საქართველო ბოლო ადგილზეა და 1 ქულა აქვს. „ჯვაროსნები“ ბოლო ტურში პორტუგალიას დაუპირისპირდებიან, რომელიც ჯგუფიდან უკვე პირველი ადგილითაა გასული.