უიტეკერის ბრუტალური ნოკაუტი | ალისკეროვის 7-ბრძოლიანი წაუგებელი სერია დასრულდა
UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, რობერტ უიტეკერმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. საუდის არაბეთში გამართულ ღონისძიებაზე „რიპერი“ იკრამ ალისკეროვს დაუპირისპირდა. უიტეკერმა ოქტაგონზე მხოლოდ 1 წუთი და 49 წამი გაატარა და მეტოქე ბრუტალურ სტილში დააფინიშა.
„ბევრჯერ გითხარით, რომ მონადირის მენტალიტეტი მაქვს. მინდა, მტაცებელი ვიყო და დღეს ამას მივაღწიე. ჩემი მიზანი საჩემპიონო ქამრის დასაკუთრებაა და დრიკუს დუ პლესისთან კიდევ ერთი ბრძოლის გამართვა მინდა. მასთან ჩხუბის შემდეგ, დიდ პროგრესს მივაღწიე და ვიცი, რომ მეტი შემიძლია.
დუ პლესი კარგი მებრძოლია და ღირსეულად დამამარცხა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, უკეთესი გამოსვლის ჩვენება შემიძლია. მინდა, მასთან კიდევ ერთხელ ვიბრძოლო. ისრაელ ადესანიას რაც შეეხება, იზიც კვლავინდებურად ჩემს სიაშია“, - განაცხადა უიტეკერმა ჩხუბის შემდეგ.
ცნობისთვის, „რიპერთან“ ჩხუბამდე ალისკეროვს ზედიზედ 7 გამარჯვება ჰქონდა და 2019 წლის შემდეგ არ წაუგია. მაშინ, ალისკეროვი ხამზატ ჩიმაევთან დამარცხდა, რომელსაც უიტეკერთან უნდა ეჩხუბა, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ოქტაგონზე გასვლაზე უარი თქვა.