მონტელა: “დღეს სასტიკად დავისაჯეთ“
ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში პორტუგალიამ თურქეთს 3:0 მოუგო და მერვედფინალის საგზური გაინაღდა. მატჩის დასრულების შემდეგ, თურქეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
მონტელა:
„კარგად მხოლოდ 20 წუთი ვითამაშეთ. შევქმენით მომენტები, მაგრამ პირველივე შეცდომაზე დავისაჯეთ. მეორე გოლი კურიოზული იყო. ასე ხდება ფეხბურთში.. ვფიქრობ, პორტუგალია ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და დღეს მათ ეს დაამტკიცეს. რიგ ეპიზოდებში სითამამე გვაკლდა, მაგრამ ეს დებიუტანტ ფეხბურთელებს უფრო ეხება.
არდა გიულერს არ შეეძლო 30 წუთზე მეტის თამაში. არსებობდა ტრავმის მიღების რისკი. როდესაც 4 დღეში ერთხელ თამაშობ, როტაცია გჭირდება. დღეს სასტიკად დავისაჯეთ, მაგრამ ჩვენ პოზიტიური უნდა ვიყოთ და დავტკბეთ აქ ყოფნით. ახლა შემდეგი მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ.“
შეგახსენებთ, რომ ჯგუფში თურქეთი 3 ქულით მეორე პოზიციას იკავებს. მესამე და მეოთხე ადგილს თითო ქულით ჩეხეთი და საქართველო იყოფენ.
შემდეგ ტურში თურქეთი ჩეხეთს დაუპირისპირდება, ხოლო საქართველო პორტუგალიას. აღნიშნული მატჩები 26 ივნისს გაიმართება.