„კვარა ორივე შეხვედრაში მაინც გამორჩეული იყო“ - გიორგი მიქაძის მოსაზრება
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის, Crystalbet საფეხბურთო ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული სპეციალისტია გიორგი მიქაძე, რომელიც თბილისის „იბერიას“ ამზადებს, იქამდე კი „თელავსა“ და წყალტუბოს „სამგურალს“ ხელმძღვანელობდა. მიქაძე მიმდინარე ევროპის ჩემპიონატს თვალს ბუნებრივია აქტიურად ადევნებს და ჩეხებთან მატჩის დასრულების შემდეგ, Crystalsport-ს ქართველი ფეხბურთელების ასპარეზობაზე საკუთარი მოსაზრება გაუზიარა.
რა თქვა მიქაძემ
როდესაც საქართველოს ნაკრების თამაშს ვუყურებ, ვგრძნობ, რომ მოედანზე არის ნამდვილი გუნდი და არა ცალკეული ინდივიდები, რაც ძალიან მახარებს. ჩეხებთან იყო ისეთი ხასიათის შეხვედრა, სადაც რომ გაგვმართლებოდა, შესაძლოა მოგვეგო.
რა განსხვავება დავინახე თურქებთან და ჩეხებთან გამართულ მატჩებს შორის? პირველ ტურში უფრო მეტად პოზიციურ შეტევებს ვანიჭებდით უპირატესობას, დღეს კი თავიდანვე ნათლად გამოჩნდა, აქცენტი კონტრშეტევებზე კეთდებოდა.
ვიცი, რომ ხვიჩას ბევრი აკრიტიკებს, მაგრამ ჩემი აზრით, ამ ორ შეხვედრაში კვარაცხელია მაინც საუკეთესო იყო. მიმდინარე ევროპის პირველობაზე ის ჩანს როგორც კონსტრუქციული, გუნდური მოთამაშე, რომელიც როგორც შეტევით, ასევე დაცვით ფაზაში ძალიან ბევრ სამუშაოს ასრულებს. ვინმე თუ ელოდება, რომ არაორდინალური ქმედებებით ყველა მატჩს მარტო კვარა მოიგებს, მიპასუხონ, არის ვინმე ამ ტურნირზე ასეთი ფეხბურთელი და შეძლო სხვამ ამის გაკეთება?
მიქაძის ხელმძღვანელობით „იბერია“ ამჟამად სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერ თასის გათამაშებისთვის ემზადება, რომლის ნახევარფინალშიც მისი მეტოქე თანაქალაქელი „დინამო თბილისი“ იქნება.