კრიშტიანუ რონალდუ, ბერნარდუ სილვა, რაფაელ ლეაუ, ბრუნუ ფერნანდეში
Aa
Aa

მესამე მერვედფინალისტი ცნობილია - პორტუგალია პლეი ოფშია

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ერთ-ერთმა ფავორიტმა, პორტუგალიის ეროვნულმა გუნდმა ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში თურქები 3:0 დაამარცხა და გერმანელებისა და ესპანელების მსგავსად, მერვედფინალის საგზური ნაადრევად გაინაღდა.

თამაში თავიდანვე „ლუზიტანების“ უპირატესობით წარიმართა და 21-ე წუთზე ანგარიში ბერნარდუ სილვამ გახსნა, რასაც ზუსტად შვიდ წუთში სამეთ აკაიდინის ავტოგოლი მოჰყვა და გამარჯვებულის შესახებ ყველანაირი კითხვის ნიშნები მოიხსნა. მათთვის პირველ ნახევარში ცუდი მხოლოდ ის იყო, რომ ერთ-ერთმა წამყვანმა ფეხბურთელმა რაფაელ ლეაუმ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, რის გამოც საქართველოსთან მესამე ტურის შეხვედრის გამოტოვება მოუწევს.

რობერტო მარტინესის შეგირდებს ტემპი არც შესვენების შემდეგ დაუგდიათ და 55-ე წუთზე ბრუნუ ფერნანდეშმა კრიშტიანუ რონალდოს პასით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მართალია პორტუგალიელთა კაპიტანს გოლი ამჯერადაც არ გაუტანია, მაგრამ კრიშტიანუ რონალდუ კიდევ ერთი ისტორიული მიღწევის ავტორი მაინც გახდა - ეს საგოლე პასი კონტინენტის პირველობის რიგით 27-ე შეხვედრაში მისთვის მე-7 აღმოჩნდა, ჩეხ კარელ პობორსკის გაუსწრო და ასისტების რაოდენობით ყველა დროის რეკორდსმენი გახდა.

პორტუგალიელები ჯგუფურ ეტაპს ოთხშაბათს, 26 ივნისს საქართველოს ნაკრებთან შეხვედრით დაასრულებენ და ეს თამაში თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. ეს გუნდები აქამდე მხოლოდ ერთხელ, 2008 წლის 31 მაისს დაუპირისპირდნენ და ამხანაგური მატჩი „ლუზიტანებმა“ ჟოაო მოუტინიოსა და სიმაუ საბროსას გოლებით 2:0 გაიმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კლატენბურგი:
კლატენბურგი: "პრემიერლიგიდან მოურინიოს გამო წავედი"