კლასი ყველამ ნაკრებში უნდა დაამტკიცოს - სულაქველიძის შეფასება ჩეხეთთან მატჩზე
ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელის, თენგიზ სულაქველიძის შეფასება საქართველოს ეროვნული გუნდის ნებისმიერ თამაშზე უზომოდ საინტერესოა. 67 წლის ვეტერან მცველს ზურგს უდიდესი გამოცდილება უმაგრებს - 1981 წელს მან „დინამო თბილისის“ შემადგენლობაში თასების მფლობელთა თასი მოიგო, 1988 წელს კი, საბჭოთა კავშირის ნაკრებში ასპარეზობისას, ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა. Crystalsport-თან ინტერვიუში სულაქველიძის მოსაზრება ჩეხეთი-საქართველოს მატჩზე საინტერესო აღმოჩნდა
რა თქვა სულაქველიძემ
უპირველეს ყოვლისა გიორგი მამარდაშვილის ნამდვილი გმირობა უნდა გამოვყო - ეს ბიჭი მსოფლიოს კლასის მეკარეა და მისი დამაჯერებლობა თითოეული თანაგუნდელისთვის გადამდებია.
თამაშს რაც შეეხება, ისეთი მატჩი აღმოჩნდა, სადაც მოვლენები ელვის სისწრაფით იცვლებოდა და გამარჯვება როგორც ერთ, ასევე მეორე გუნდს შეეძლო. ნებისმიერ შემთხვევაში, ტრაგედიის შექმნა არ ღირს, რადგან ბიჭებმა იქ ყოფნით უკვე დაუვიწყარი დღესასწაული გვაჩუქეს.
კვარაცხელიაზე რისი თქმა შემიძლია? ფაქტია, რომ უკვე ორი თამაში იყო ისეთი, სადაც თავის დონეზე ვერ დგას. თუმცა, მჯერა, რომ პორტუგალიასთან შეეცდება ყველაფერი გამოასწოროს და გაიბრწყინოს. ნებისმიერი ფეხბურთელი, რამდენადაც მაღალ დონეზე არ უნდა გამოდიოდეს კლუბში, პირველ რიგში სანაკრებო წარმატებებით ფასდება.
მეც გამიკვირდა ბუდუ ზივზივაძეს რატომ არ მიეცა დღეს თამაშის საშუალება, თუმცა ჩემი მხრიდან ვილი სანიოლის გადაწყვეტილებების გაკრიტიკება სწორი არ იქნება.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში პორტუგალიელებს შეხვდებიან და მატჩი 26 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.