სოუჩეკი: იმედგაცრუებული ვარ, ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ
ევრო 2024-ის F ჯგუფის მეორე ტურში ჩეხეთი - საქართველო 1:1 დასრულდა. მატჩის შემდეგ ჩეხეთის ნაკრების კაპიტანმა ტომაშ სოუჩეკმა განაცხადა, რომ მოპოვებული ქულით იმედგაცრუებულია, შედეგით უკმაყოფილოა.
ტომაშ სოუჩეკი: „იმედგაცრუებულები ვართ. ამ მატჩში უფრო მეტის მიღწევა გვსურდა. გვსურდა გამარჯვება და იმ მიზანთან მიახლოება, რაც გვაქვს (ჯგუფიდან გასვლა). ახლა ჩვენ ქულა გვაქვს. გოლის გატანის ბევრი შანსი გვქონდა, თუმცა ვერ გავიტანეთ და შემდეგ პენალტი გავუშვით. ამგვარად, ჩვენთვის რთული მატჩი იყო.
ჩვენ არ ვიცით როგორ დასრულდება სხვა მატჩები, მაგრამ ვიცით, რომ თურქეთთან გამარჯვება გვჭირდება. ორივე ნაკრების ქომაგებისთვის დიდებული თამაში იქნება, 3 ქულას მოვიპოვებთ და ჯგუფიდან გავალთ''.
ევრო 2024-ის F ჯგუფის საწყის ორ ტურში ვილი სანიოლის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა 1 ქულა მოიპოვა, პირველ ტურში თურქეთთან დამარცხდა (3:1), დღეს კი ჩეხეთთან 1:1 ითამაშა. ჩეხეთი და საქართველო თითო-თითო ქულით ჯგუფის აუტსაიდერები არიან.
მესამე ტურში საქართველოს ნაკრები გელზენკირხენში პორტუგალიას დაუპირისპირდება (26 ივნისი, 23:00), ჩეხეთი - თურქეთს (26 ივნისი, 23:00).