უცხოური მედია: “ლობჟანიძეს უნდა გაეტანა“
ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საქართველო ჩეხეთს დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
მატჩის დასრულების შემდეგ, უცხოურმა მედიამ, ჟურნალისტებმა, მწვრთნელებმა და ყოფილმა ფეხბურთელებმა აღნიშნულ დაპირისპირებაზე დაწერეს.
დევიდ მოიესი:
„საბა ლობჟანიძეს უნდა გაეტანა. ჩეხეთმა პორტუგალიასთან ბოლო წუთზე წააგო და ვფიქრობდი, რომ ისინი კვლავ ასე წააგებდნენ. ჩეხეთს ძალიან გაუმართლა.“
ტომას ჰიტზლსპერგერ(ყოფილი ფეხბურთელი, ამჟამად ჟურნალისტი):
„ამ ტურნირზე საქართველოზე გაცილებით ცუდი ნაკრებები მინახავს. 60 წუთის განმავლობაში თანაბარი თამაში იყო, მაგრამ შემდეგ საქართველო დაიღალა. უფრო მეტი სივრცე გაჩნდა და ჩეხეთი გააქტიურდა. მათ, როგორც თამაშის მოგება, ასევე წაგებაც შეეძლოთ.“
სტეფენ ვარნოკი(ყოფილი ფეხბურთელი, ამჟამად ჟურნალისტი):
„საბა ლობჟანიძეს უნდა გაეტანა და თავისი ქვეყნისთვის ისტორიული სამი ქულა მოეპოვებინა, მაგრამ უკან ზედმეტად გადაიხარა და ბურთი კარს ააცილა. მის სახეზე იმედგაცრუება ვნახეთ. ეს იყო მომენტი, რომლის საშუალებითაც ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაეწერებოდა და მასზე წლების განმავლობაში ილაპარაკებდნენ.“
2 ტურის შემდეგ, ჯვაროსნებს 1 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში მეოთხე პოზიციას იკავებენ. შემდეგ ტურში ვილი სანიოლის გაწვრთნილი ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 26 ივნისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.