მამარდა MVP გახდა - საქართველოს პირველი ქულა ევრო 2024-ზე
ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საქართველო ჩეხეთს დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
გულშემატკივრებმა საოცრად დაძაბული მატჩი იხილეს. უპირატესობას ძირითადად ჩეხები ფლობდნენ და საქართველო კონტრშეტევებზე აქტიურობდა.
ერთი ქულის მოპოვებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის გიორგი მამარდაშვილს, რომელმაც 10 დარტყმა მოიგერია და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
პირველი ტაიმის მიწურულს, საქართველომ ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვა და გაცილებით მეტ დროს ატარებდა მეტოქის ნახევარზე. ერთ-ერთი ჯარიმის დროს, როდესაც ბურთი ჩეხების საჯარიმოში მიფრინავდა, მცველს ხელზე მოხვდა და ვიდეო რეფერის გადამოწმების შემდეგ პენალტი დაინიშნა.
ბურთთან გიორგი მიქაუტაძე მივიდა, რომელმაც თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა. პირველი ტაიმი საქართველომ 1:0 მოიგო.
მეორე ნახევარი ჩეხებმა აქტიურად დაიწყეს. საქმეში ვიხილეთ გიორგი მამარდაშვილი, რომელიც კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იდგა, თუმცა 59-ე წუთზე პატრიკ შიკს არავინ იყვანდა და კუთხურის დროს ანგარიში გაათანაბრა.
იქამდე სანამ შიკი წონასწორობას აღადგენდა, გოლის გატანის შესანიშნავი შანსი ჰქონდა ანზორ მექვაბიშვილს, თუმცა მისი დარტყმა კარს სანტიმეტრებით ასცდა.
ჩეხები მატჩის მოგებას ცდილობდნენ და არაერთ მომენტს ქმნიდნენ, თუმცა მამარდაშვილი გაუვალი იყო. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროის ბოლო წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ კონტრშეტევა წამოიწყო და საბა ლობჟანიძეს დიდებული გადაცემა გაუკეთა, რომ ატლანტას შემტევმა საშინლად დაარტყა, ბურთი კარს ააცილა და 100%-იანი მომენტი ვერ გამოიყენა. საქართველომ კი ქულები დაკარგა.
2 ტურის შემდეგ, ჯვაროსნებს 1 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში მეოთხე პოზიციას იკავებენ. შემდეგ ტურში ვილი სანიოლის გაწვრთნილი ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 26 ივნისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.