გოგას ფენერბაჰჩე დაუკავშირდა | ბითაძეს NBA-ში დარჩენა უნდა
გოგა ბითაძით ევროპული კალათბურთის გრანდები ინტერესდებიან. ევროლიგის მოქმედ ჩემპიონზე, „პანათინაიკოსზე“ აქტიურად იწერებოდა, ახლახან კი ქართველი ცენტრი „ფენერბაჰჩეს“ დაუკავშირეს და უცხოურ პრესაში საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა.
ცნობილი ჟურნალისტის, თემის პროკოპიუს მიხედვით, „ფენერი“ ბითაძის წარმომადგენლებს უკვე დაუკავშირდა. გოგას პრიორიტეტი NBA-ში დარჩენაა, მაგრამ თუ სასურველი წინადადება ვერ მიიღო, „ფენერბაჰჩეში“ გადასვლაზე დაფიქრდება.
ბითაძეს მსურველები ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაშიც ჰყავს. გოგა „ნიუ იორკ ნიქსს“, „ჩიკაგო ბულსსა“ და „ბოსტონ სელტიქსს“ დაუკავშირეს. ქართველი ცენტრი თავისუფალი აგენტია და სასურველი კონტრაქტის გაფორმება ნებისმიერ გუნდთან შეუძლია.
„ორლანდოს“ შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების ცენტრმა გასულ სეზონში 62 მატჩი ჩაატარა. ბითაძე პარკეტზე საშუალოდ 15.4 წუთს ატარებდა და 5 ქულასთან ერთად, 4.6 მოხსნას, 1.3 შედეგიან გადაცემასა და 1.2 დაფარებას აგროვებდა. „მეჯიქი“ NBA-ს გათამაშებას პლეი ოფში „კლივლენდ კავალიერსთან“ მარცხის შემდეგ დაემშვიდობა.