„აუცილებლად მოსაგები თამაშია“ | ჩეხური გამოცემა საქართველოსთან მატჩზე
ჩეხური გამოცემა, IDNES-ი დღევანდელ მატჩს ეხმაურება, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდება. IDNES-მა „ჯვაროსნების“ ლიდერებზე დაწერა და განაცხადა, რომ ჩეხეთს მათთან სამი ქულა აქვს ასაღები.
„თუ გახსნითი მატჩი უნდა ყოფილიყო შეხვედრა, რომელშიც გამოჩნდებოდა ტურნირის მთავარ ფავორიტთან შედარებით, ჩვენი ეროვნული გუნდი რას წარმოადგენდა, მეორე თამაშში სასწორზე ყველაფერი დევს. საქართველოსთან გამარჯვება ნიშნავს, რომ პლეიოფში გასვლის კარგი შანსი გვექნება. ფრე და თურქეთი გვეყოლება დასამარცხებელი, რაც წნეხს გაზრდის. წაგება? სიგიჟე და ნერვების წყვეტა. თუ პორტუგალიამ თურქეთს ვერ მოუგო, ჩეხეთისთვის ევროპის ჩემპიონატი დასრულდება. ეს თამაში მოსაგები გვაქვს, წერტილი!
ჩეხეთი საქართველოს არასდროს შეხვედრილა და სწორედ ამიტომაა რთული იმის ვარაუდი, ტურნირის უდიდესი აუტსაიდერისგან რას უნდა ველოდოთ. თურქეთთან მატჩში, საქართველომ კარგად ითამაშა. მართალია, 1:3 დამარცხდა, მაგრამ აჩვენა, რომ შეუძლია, შეტევაში სწრაფი და კრეატიული იყოს, ხოლო დაცვაში, რომლის ლიდერიც გუნდის კაპიტანი, გურამ კაშიაა, ყურადღებით ითამაშოს და ორთაბრძოლები მოიგოს.
არ გეგონოთ, რომ ყველაფერი ხვიჩა კვარაცხელიას გარშემოა აწყობილი. კვარა ვარსკვლავია, რომელსაც აღმერთებენ, მაგრამ ვილი სანიოლს სხვა არჩევანიც აქვს. მაგალითად, გიორგი მიქაუტაძე - მაღალი კლასის ფორვარდი, რომელმაც ბოლო 11 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა.
და მაინც, კვარადონას, როგორც მას ნეაპოლში ეძახიან, განსაკუთრებული სტატუსი აქვს და მას აუცილებლად შეამჩნევთ. განსაკუთრებით, მაშინ, როცა გუნდი კარგად ვერ თამაშობს, რადგან ამ დროს, ის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს.
საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ბონუსი? ის ფაქტი, რომ სტადიონზე ათასობით გულმხურვალე ფანი იქნება, რომლებიც ევროზე პირველად იმყოფებიან. გახსოვთ, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევროზე როგორ ითამაშა? პრაქტიკულად უვარსკვლავო გუნდმა კინაღამ მედალი მოიპოვა, რაც დიდწილად სავსე ტრიბუნების დამსახურებაა, რომლებიც მათ ყველა შეხვედრაში ბიძგს აძლევდნენ“, - წერს ჩეხური გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ ჩეხეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი დღეს გაიმართება და თბილისის დროით, 17:00-ზე დაიწყება. თუ ჩეხეთთან წავაგეთ, ხოლო პორტუგალია თურქეთთან არ დამარცხდა, პლეიოფში გასვლის შანსს დავკარგავთ.