„ჩეხეთთან მოსაგებად ვითამაშებთ“ | აშვეთია დღევანდელ თამაშზე საუბრობს
საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, მიხეილ აშვეთიამ ჩეხეთთან გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა. აშვეთიამ ახსნა, თურქეთთან მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას არც თუ ისე კარგი თამაში რამ განაპირობა და დასძინა, რომ „ჯვაროსნები“ ჩეხეთთან მოსაგებად ითამაშებენ.
„პირველ თამაშში ხვიჩა ცოტათი ნერვიულობდა და ყველაფერი სწორედ ამიტომ არ გამოუვიდა. ვფიქრობ, ჩეხეთთან უფრო თავდაჯერებული იქნება და შედეგს დადებს. საქართველოს შეტევაში კარგი პოტენციალი აქვს. ჩეხეთს აუცილებლად შევუტევთ და დასაკარგი არაფერი გვაქვს. ჩვენი ამოცანა უკვე შევასრულეთ და ევროპის ჩემპიონატზე გავედით. ჩეხეთთან მხოლოდ სამი ქულისთვის ვითამაშებთ“.
შეგახსენებთ, რომ ჩეხეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი დღეს გაიმართება და თბილისის დროით, 17:00-ზე დაიწყება. თუ ჩეხეთთან წავაგეთ, ხოლო პორტუგალია თურქეთთან არ დამარცხდა, პლეიოფში გასვლის შანსს დავკარგავთ.
ცნობისთვის, Opta ფავორიტად ჩეხეთს ასახელებს. სტატისტიკური სააგენტოს სუპერკომპიუტერმა საქართველოსა და ჩეხეთის მატჩის 10 000 სიმულაცია ჩაატარა. მათგან 45.3 პროცენტში, გამარჯვება ჩეხეთს დარჩა. 29.5 პროცენტში „ჯვაროსნებმა“ მოიგეს, ხოლო 25.2 პროცენტი ფრედ დასრულდა.