რობერტო ბაჯო
Aa
Aa

„ჩემი ოჯახის დაცვა ვცადე, ძალიან შემეშინდა“ | ბაჯომ ძარცვის დეტალებზე ისაუბრა

ევროპის ჩემპიონატზე, ესპანეთსა და იტალიას შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას, რობერტო ბაჯოს სახლში მძარცველები შეიჭრნენ. La Repubblica-ს დღევანდელ ნომერში, „ღვთაებრივი ცხენისკუდას“ ინტერვიუ გამოქვეყნდა და მან მომხდარზე დეტალურად ისაუბრა.

„იტალიისა და ესპანეთის ნაკრებების მატჩის შესვენება ახალი დაწყებული იყო, როცა უეცრად, ნიღბიანი ადამიანების წინ აღმოვჩნდი. მეგონა, ორნი იყვნენ და წინააღმდეგობა სწორედ ამიტომ გავუწიე. ვცადე, ჩემი მეუღლე და შვილები დამეცვა და მძარცველებს ფიზიკურად დავუპირისპირდი, მაგრამ მალევე სხვები მოვიდნენ. ჯერ ორი მძარცველი გამოჩნდა, შემდეგ - ერთი და დავინახე, რომ კიდევ ერთი მათ გარეთ ელოდებოდა.

იატაკზე დაწოლა მაიძულეს და შეშინებული ვიყავი, მაგრამ უფრო მეტად ბრაზს ვგრძნობდი, რადგან არაფერი შემეძლო. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა და საბედნიეროდ, მათი ძალადობის შედეგი ჩალურჯებები და რამდენიმე ნაკერია. თუმცა, ძალიან შემეშინდა და ახლა სახლის უსაფრთხოების სისტემას მაქსიმალურად გავაძლიერებთ“.

იტალიური პრესის ინფორმაციით, ბაჯოს ცეცხლსასროლი იარაღი თავში ჩაარტყეს და მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო, სადაც ნაკერები დაადეს. მძარცველებმა ის და მისი ოჯახის წევრები ერთ-ერთ ოთახში ჩაკეტეს და ძვირფასეულობა, საათები და სხვა ძვირადღირებული ნივთები მოიპარეს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„კვარაცხელიას გამოცდა“ | AS-ი საქართველოსა და ჩეხეთის მატჩზე
„კვარაცხელიას გამოცდა“ | AS-ი საქართველოსა და ჩეხეთის მატჩზე