„კვარაცხელიას გამოცდა“ | AS-ი საქართველოსა და ჩეხეთის მატჩზე
ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, საქართველოს ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდება. მატჩი რამდენიმე საათში დაიწყება და მოახლებულ თამაშს AS-ი გამოეხმაურა. ესპანურმა გამოცემამ აქცენტი ხვიჩა კვარაცხელიაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ ჩეხეთთან „კვარამ“ თავისი სათქმელი უნდა თქვას.
„ევრო 2024-ის პირველმა ტურმა ჩეხეთი და საქართველო იმედგაცრუებული დატოვა. ვილი სანიოლის გუნდმა დიდ ტურნირზე სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა და როცა ქართველებმა ევროპის ჩემპიონატის ატმოსფერო ბოლომდე შეიგრძნეს, არდა გიულერის შედევრმა ისინი რეალობაში დააბრუნა. ჩეხეთი სენსაციასთან ახლოს იყო, მაგრამ მძიმე დარტყმა მიიღო და პორტუგალიასთან ბოლო წამებზე დამარცხდა. ამ მიზეზებიდან გამომდინარე, დღევანდელი მატჩი ორივე ნაკრებისთვის გადამწყვეტია.
საქართველოსთვის სასწორზე უფრო მეტი დევს, რადგან ბოლო ტურში მათი მეტოქე პორტუგალიაა. ნებისმიერი შედეგი, სამი ქულის აღების გარდა, პლეიოფში გასვლას ძალიან გაართულებს. სწორედ ამიტომ, ჩეხეთთან შეხვედრა საქართველოს ნაკრების ვარსკვლავისთვის, ხვიჩა კვარაცხელიასთვის გამოცდაა.
ნაპოლის ფეხბურთელი თურქეთთან უღიმღამოდ გამოიყურებოდა და პრაქტიკულად არ ჩანდა. მის ნაცვლად, გუნდის ლიდერის როლი გიორგი ქოჩორაშვილმა და გიორგი მამარდაშვილმა მოირგეს, რომელმაც სამი გოლი გაუშვა, მაგრამ საქართველო თამაშში მისი წყალობით დარჩა. ევროპის ჩემპიონატზე კვარადონასგან ბევრად მეტს ითხოვენ“, - წერს AS-ი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების მსგავსად, ჩეხეთის ნაკრებმა პირველი მატჩი დათმო და პორტუგალიასთან 1:2 წააგო. შესაბამისად, ამ წყვილში გამარჯვებული 1/8 ფინალური ეტაპისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამს.