ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მაკარიძე
Aa
Aa

მაკარიძე: კვარას ბურთი ბევრჯერ და კომფორტულად უნდა ავუტანოთ

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მეკარე, 34 წლის გიორგი მაკარიძე, რომელმაც კარიერის საუკეთესო წლები პორტუგალიაში გაატარა, CrystalSport-თან საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე ისაუბრა.

- როგორია შენი შთაბეჭდილება თურქეთი-საქართველოს მატჩზე, რა პლუსები და მინუსები დაინახე საქართველოს ნაკრების თამაშში?

- კარგი თამაში ჩავატარეთ, მაგრამ ამ ბიჭებს უფრო მეტი შეუძლიათ. თამაში ცუდად დავიწყეთ, ყველაზე ძალიან რაც არ მომწონს და რაც სამწუხაროდ საქართველოს ნაკრებს არასდროს ჰქონია, ბურთის პასებით ამოტანაა. რატომღაც ყოველთვის გრძელი პასებით ვცდილობთ პრესინგის დაძლევას, რისკს ვერიდებით. ჩემი აზრით, დროა ამ კომპონენტში ცოტა მეტი გავრისკოთ. კვარას ბურთი ბევრჯერ და კომფორტულად უნდა ავუტანოთ. ეს ერთადერთი კომპონენტია, რაც ჩვენს ნაკრებში ყოველთვის ძალიან არ მომწონდა.

მთლიანობაში კარგი თამაში გამოვიდა, ძალიან ბევრი რეალური მომენტი გვქონდა, მინიმუმ ფრეს ვიმსახურებდით. ჩემი აზრით ჩეხეთთან უფრო კარგად ვითამაშებთ და დადებით შედეგს მივაღწევთ. დიდი პოზიტივი იყო ის, რომ ბევრი მომენტი შევქმენით, ამ დონის ტურნირზე ამდენი რეალური მომენტის შექმნა ძალიან რთულია.

- ბურთის პასებით ამოტანისას მთავარი როლი ოთარ კიტეიშვილს ენიჭება. ოთო თურქეთთან არ იყო და ჩეხეთთან მატჩსაც ტრავმის გამო გამოტოვებს. კიტეს არყოფნამ რამდენად დიდი გავლენა მოახდინა პასებით ბურთის ამოტანაზე?

- კიტეიშვილი ნაკრებისთვის დიდი ძალაა, მაგრამ ის რომ პასებით ვერ ამოვდივართ, კონკრეტული ფეხბურთელების ბრალი არაა. ვარჯიში და დრო სჭირდება. ნაკრებს დღეს აქვს იმის პოტენციალი, რომ ბურთი არ მოიშოროს.

 როდესაც წინ კვარა და მიქაუტაძე გყავს, ჩვენი დონის და ცოტა ჩვენზე ძლიერი ნაკრები არ ამოვა მაღალ ძლიერ პრესინგზე და არ დაგიტოვებს კვარას და მიქაუტაძეს 2-2-ზე. ამიტომ შედარებით გიადვილდება ბურთის სწორად ამოტანა.

- შენი და მამარდას კარიერის დასაწყისი მსგავსია, დიდ საფეხბურთო ქვეყანაში ადრეულ ასაკში გადახვედით. კარგად გექნება გააზრებული რა სირთულეების გადალახვაა საჭირო, რომ ადრეულ ასაკში დიდ საფეხბურთო ქვეყანაში დამკვიდრდე. რა პიროვნულ თვისებებს ხედავ მამარდაში, რაც წარმატებული ევროპული კარიერის შექმნაში დაეხმარა?

- მამარდა ძალიან შრომისმოყვარეა. დღეს ყველაზე მთავარი ეს არის. შრომა აუცილებლად გიფასდება. ფიზიკურად ძლიერია და სხვადასხვა კომპონენტებში პროგრესირებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

 უცხო ქვეყანაში ადგილის დამკვიდრება ძალიან რთულია, მითუმეტეს მეკარისთვის, მე ძალიან გამიჭირდა პირველი წელი, თან ძალიან პატარა ვიყავი, 18 წლის.  სტატისტიკას რომ გადახედოთ, ახალგაზრდა მეკარეთა 95 პროცენტს, ვინც ქვეყანას იცვლის, პირველი ორი წელი ძალიან უჭირს. მამარდამ სასწაული შეძლო, რომ ასეთი დონის კლუბში სილესენს ადგილი წაართვა და სტაბილურად დადგა.

 ვფიქრობ, ძალიან მაგარი კარიერა ექნება. მნიშვნელოვანია გუნდი შეიცვალოს ახლა და სხვა ეტაპზე გადავიდეს. თუ სურს რომ ტოპ მეკარე გახდეს, ჩემპიონთა ლიგაზე თამაში აუცილებელია. გამიხარდება თუ იან ობლაკი „ატლეტიკოდან’’ წავა და მამარდას მიიყვანენ. სიმეონეს სქემაში მამარდას სტილი ზუსტად ჯდება.

მთავარ ფოტოზე გამოყენებულია Nakrebi.ge-ს ფოტო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები