შიკს და სოუჩეკს უნდა ვუფრთხილდეთ - ჭანტურიშვილი ჩეხებთან მატჩზე
ვახტანგ ჭანტურიშვილი ბოლო ხუთი წელია ჩეხეთის ჩემპიონატში თამაშობს და ამ ქვეყნის ნაკრებისა და მის რიგებში მოთამაშე ფეხბურთელების შესაძლებლობების შესახებ თუ ვინმეს კარგად მოეხსენება, ეს პირველ რიგში სწორედ 30 წლის ქართველი ნახევარმცველია. 2019 წლიდან 2023 წლამდე ის „ზლინის“ ღირსებას იცავდა, ბოლო ერთი წელია კი „იაბლონეცის“ რიგებში გამოდის. CrystalSport-ი ქართველ ლეგიონერს ჩეხეთში დაუკავშირდა და რამდენიმე შეკითხვა დაუსვა
რა თქვა ჭანტურიშვილმა
ჩემი თანაგუნდელებიც აღნიშნავენ, რომ ჩეხეთისთვის საქართველოს ნაკრების დამარცხება ძალიან რთული იქნება, რადგან ყველამ ნახა თურქეთი-საქართველოს შეხვედრა, სადაც არამხოლოდ ქულის აღება, არამედ გამარჯვებაც შეგვეძლო. ასე რომ, ამ თამაშის შემდეგ მათ ჩვენ მიმართ კიდევ უფრო მეტი პატივისცემა და დაფასება გაუჩნდათ, რაც ძალიან მახარებს.
რაც შეეხება პირადად ჩემს ემოციას, ძალიან ამაყი ვარ, რადგან პირველად ვთამაშობთ კონტინენტის პირველობაზე და თითქმის ყველა მონაწილე ჩვენზე საუბრობს, თანაც დადებით კონტექსტში.
ჩეხეთის ნაკრების ამჟამინდელი ფეხბურთელებიდან თითქმის ყველას ვიცნობ - ზოგის მხარდამხარ და ზოგის წინააღმდეგ მითამაშია. ერთადერთი, ვისაც არ ვიცნობ, პატრიკ შიკია და სიმართლე გითხრათ, ყველაზე სახიფათო ფეხბურთელად სწორედ მას მივიჩნევ, რადგან გოლის გატანა ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლია. ასევე გამოსარჩევია სოუჩეკი, რომელიც საჰაერო ორთაბრძოლებში უზომოდ ძლიერია.
საქართველოს ნაკრებში გამოძახების იმედი ყოველთვის მაქვს და მოხარული ვიქნები, თუ საფეხბურთო მოედანზე ჩემი ქვეყნის ღირსების დაცვის საშუალება კიდევ ერთხელ მომეცემა. ჩემი საკლუბო მომავლის შესახებ ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ „იაბლონეცთან“ კონტრაქტი კიდევ ერთი წლით მაკავშირებს და სავარაუდოდ, მომდევნო სეზონსაც ამ გუნდში გავატარებ.
ჭანტურიშვილმა საქართველოს ნაკრებში გამართული 5 მატჩიდან 3 ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, 2-ჯერ ცვლილებაზე შევიდა და შედეგიანი მოქმედებით თავი ჯერჯერობით არ გამოუჩენია.