საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები, ივან ჰაშეკი, ჩეხეთის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

„საქართველოს თამაში დეტალურად გავაანალიზეთ“ - ჩეხეთის ნაკრების მწვრთნელი

ხვალ, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ჩეხეთის ნაკრებს შეხვდება. მატჩამდე ერთი დღით ადრე, ჩეხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ივან ჰაშეკმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

რა თქვა ჰაშეკმა:

„საქართველოს ნაკრების პირველი თამაში დეტალურად განვიხილეთ და თავიდან-ბოლომდე ვუყურეთ. ბოლო წუთამდე საკმაოდ კარგი თამაში იყო. საქართველო სახიფათო იყო, შეტევაში კარგად თამაშობდა და საბოლოოდ მატჩის ბედი ბოლო წუთებზე გადაწყდა. შესანიშნავი ხარისხი აჩვენეს როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად“.

„საქართველო არ არის მხოლოდ კვარაცხელია. გადახედეთ მიქაუტაძის სტატისტიკას - ბოლო 11 თამაშში 11 გოლი გაიტანა. მისი ყიდვა ბევრ ფრანგულ კლუბს სურს. ასე რომ, ეს არ არის მხოლოდ მხოლოდ ორი მოთამაშე, მათ ბევრი ტოპ-ფეხბურთელი ჰყავთ. უბრალოდ, უნდა ვეცადოთ, რომ მათ რაც შეიძლება ნაკლები სივრცე მივცეთ“.

„ისინი ყველაზე სახიფათოები კონტრშეტევაზე არიან. კარგი ტემპი აქვთ და ინდივიდუალურად შესანიშნავად თამაშობენ. ფრთხილად უნდა ვიყოთ და მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ გარღვევების უფლება არ მივცეთ. ამასთან, მათი დაცვაც საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება და რთულია თავისუფალი სივრცის პოვნა“.

„ტომას სოუჩეკმა დღეს სრული დატვირთვით ივარჯიშა და არანაირი პრობლემა არ ჰქონია, შესაბამისად, ხვალინდელი თამაშისთვის მზად იქნება. ის კაპიტანია და მოედანზე მისი ყოფნა ყოველთვის მნიშვნელოვანია. მასთან ერთად, გუნდი გასახდელში ყოველთვის განსაკუთრებულად გამოიყურება“.

შეგახსენებთ, რომ ჩეხეთისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება 22 ივნისს, საქართველოს დროით 5 საათზე, ჰამბურგში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები