ნიკო უილიამსი
Aa
Aa

კეინი, ნიკო და კალაფიორი | ევროს მე-7 დღის გამორჩეული ფაქტები

გერმანიაში მიმდინარე ევრო 2024-ის მე-7 სათამაშო დღეს სლოვენია-სერბეთის, დანია-ინგლისისა და ესპანეთი-იტალიის მატჩები გაიმართა. CrystalSport-ი გთავაზობთ დღის გამორჩეულად საინტერესო ფაქტებსა თუ სტატისტიკურ მონაცემებს, რომლებიც ამ შეხვედრებსა და მათში მონაწილე ფეხბურთელებს უკავშირდება.

სლოვენიის ნაკრებს ბოლო 16 ოფიციალური მატჩიდან მხოლოდ 2 აქვს წაგებული - 8 მოგება და 6 ფრე.

სლოვენიის ნაკრებს ბოლო 22 მატჩიდან (იგულისხმება ამხანაგურებიც) მხოლოდ 1-ში არ აქვს გოლი გატანილი - სტუმრად ფინეთთან, ევროს შესარჩევში.

საქართველოსთან ერთად, სლოვენიის ნაკრები ევრო 2024-ის ის გუნდია, რომელსაც ბურთი ძელისთვის 1-ზე მეტჯერ აქვს მორტყმული - ორივეს 2-2.

35 წლისა და 213 დღის ასაკში, დუშან ტადიჩის გახდა ყველაზე ასაკოვანი სერბი, რომელმაც ევროს მატჩი ძირითადში დაიწყო. მან თავისი ამჟამინდელი მწვრთნელის, დრაგან სტოიკოვიჩის შედეგი 99 დღით გააუმჯობესა.

სერბეთის ნაკრებს ევროს ფინალურ ეტაპზე გამართულ ბოლო 16 მატჩიდან მხოლოდ 2-ში აქვს კარი მშრალად შენახული.

ინგლისის ნაკრებს ევროს ჯგუფურ ეტაპზე უკვე 13 მატჩია არ წაუგია. ბოლოს ევრო 2004-ზე საფრანგეთთან წააგეს, მას შემდეგ - 8 მოგება და 5 ფრე.

ინგლისის ნაკრებმა ევროს პირველი ორი ტურის მატჩი ისტორიაში პირველად მოიგო.

ჰარი კეინი მესამე ინგლისელია, რომელმაც ნაკრების მაისურით ოთხ სხვადასხვა (2018-ის მსოფლიო, ევრო 2020, 2022-ის მსოფლიო და ევრო 2024) დიდ ტურნირზე გაიტანა. მასთან ერთად, იგივე უეინ რუნიმ და მაიკლ ოუენმა გააკეთეს.

მიმდინარე ევროზე დღემდე ჩატარებულ 18 მატჩში საჯარიმოს გარედან 13 გოლია გატანილი. ეს უკვე იმაზე მეტია, ვიდრე მთელ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე - 64 მატჩში 12.

მიმდინარე ევროზე მეორე ტაიმის კომპენსირებულ დროში უკვე 6 გოლია გატანილი. ეს უკვე იმაზე მეტია, ვიდრე მთლიანად ევრო 2020-ზე - 5.

ტრენტ ალექსანდრ-არნოლდმა დანიასთან 54 წუთი ითამაშა, მაგრამ ყველაზე სხვა ფეხბურთელზე მეტი შანსი შექმნა (3) და მეტოქის მესამედში ყველაზე მეტი რგოლის გამრღვევი პასი (5) გააკეთა.

დანიელმა მორტენ ჰიულმანმა ინგლისის ნაკრებს გოლი 30.9 მეტრი დისტანციიდან გაუტანა. ეს ყველაზე შორეული გოლია ევრო 2020-ის 1/2 ფინალის შემდეგ, როცა მისივე თანაგუნდელმა, მიკელ დამსგორმა, 31.7 მეტრიდან, ასევე ინგლისელთა კარი აიღო.

მორტენ ჰიულმანმა ნაკრებში სადებიუტო გოლი შეაგდო - ამისთვის 9 მატჩი დასჭირდა.

ესპანეთისა და იტალიის ნაკრებები დიდ ტურნირებზე მე-11-ედ შეხვდნენ, რაც ევროპულ ნაკრებებს შორის, სარეკორდო მაჩვენებელია. ასევე, ევრო 2008-დან მოყოლებული ყველაზე ევროზე დაუპირისპირდნენ - უკვე ზედიზედ მეხუთედ, რაც ასევე სარეკორდო მაჩვენებელია.

ესპანეთის ნაკრებს ევროს ჯგუფური ეტაპის ბოლო 10 მატჩიდან 8-ში კარი მშრალად აქვს შენახული.

იტალიის ნაკრებმა ევროს ისტორიაში ჯგუფურ ეტაპზე მე-4 თამაში წააგო - 16 მოგება და 9 ფრე.

იტალიის ნაკრებს ევროზე ბოლო 10 მატჩში მინიმუმ 1 გოლი გაჰქონდა და ეს სერია გუშინ შეწყდა.

პედრიმ დიდ ტურნირზე მე-12 მატჩი ჩაატარა და 21-წლამდე ევროპელ ფეხბურთელთა შორის, ყველაზე მაღალი შედეგი აქვს. ასეთივე მაჩვენებელი ისტორიაში მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს ჰქონდა.

რიკარდო კალაფიორი ისტორიაში მე-2 იტალიელია, რომელმაც დიდ ტურნირზე ავტოგოლი გაიტანა. პირველი ასეთი კრისტიან ძაკარდო იყო, რომელსაც 2006-ის მსოფლიოზე აშშ-სთან ჯგუფურის მატჩისას არ გაუმართლა.

იტალიის ნაკრებმა ესპანელთა კარის მიმართულებით მხოლოდ 4-ჯერ დაარტყა, რაც ევრო 1980-ის შემდეგ მათთვის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ნიკო უილიამსს იტალიასთან 11 დრიბლინგის მცდელობა (4 წარმატებული) ჰქონდა, რაც ევრო 2024-ზე, ერთ კონკრეტულ მატჩში, საუკეთესო შედეგია.

ნიკო უილიამსს ევრო 2024-ზე ჯამურად 6 წარმატებული დრიბლინგი აქვს და ამ მხრივ მთელ ტურნირზე მხოლოდ თანაგუნდელ ლამინე იამალს ჩამორჩება - 7.

იტალიის ნაკრებს ესპანეთმა პირველ ტაიმში კარისკენ 9-ჯერ დაურტყა, რაც დიდ ტურნირებზე ევრო 2008-ის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია - მაშინ ეს ასევე ესპანეთმა გააკეთა (11).

იტალიის ნაკრებმა ევროს პირველ ორ ტურში იდენტური თერთმეტეულით გამოვიდა, რაც დიდ ტურნირზე ევრო 2012-ის შემდეგ პირველად მოხდა. ზოგადად, ევროს ისტორიაში მესამედ - 1988-ში და 2012-ში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები