ლუჩანო სპალეტი, ლუის დე ლა ფუენტე
Aa
Aa

„ესპანეთი ჩვენზე ბასრი იყო“ | სპალეტისა და დე ლა ფუენტეს კომენტარები

ესპანეთის ნაკრებმა პლეიოფის საგზური გაინაღდა. ევრო 2024-ის B ჯგუფის მეორე შეხვედრაში, „ფურია როხა“ იტალიას დაუპირისპირდა და დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა. მატჩის შემდეგ, ესპანეთისა და იტალიის ნაკრებების მთავარმა მწვრთნელებმა, ლუის დე ლა ფუენტემ და ლუჩანო სპალეტიმ თავიანთი გუნდების გამოსვლა შეაფასეს.

„ბედნიერი ვარ და ამ ფეხბურთელებით ვამაყობ. ადრე ვთქვი, რომ ისინი ფეხბურთის თამაშითა და გამარჯვებით არასდროს იღლებიან და იტალიასთან ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცეს. რთული მატჩი გამოვიდა. ყველა ასპექტში ვდომინირებდით და ბევრი მომენტი შევქმენით, მაგრამ დიდი უპირატესობით მაინც ვერ მოვიგეთ.

ევროპის ჩემპიონატზე ყველა მატჩი განსხვავებულია. მუშაობა უნდა გავაგრძელოთ და ვიცოდეთ, რომელ კომპონენტებში გვაქვს მოსამატებელი. მომდევნო მატჩებში პროგრესის ჩვენება აუცილებელი იქნება და ფეხბურთელებს ეს მშვენივრად მოეხსენებათ. ისე უნდა ვიმუშაოთ, როგორც ადრე და ჩვენზე უკეთესი არავინაა. თუ გავაგრძელებთ იმის კეთებას, რასაც აქამდე ვაკეთებდით, ოპტიმისტური მოლოდინები გვექნება“, - აღნიშნა დე ლა ფუენტემ.

„ძალიან იმედგაცრუებული არ ვარ. პირველივე წუთიდან აშკარა იყო, რომ ესპანეთი ჩვენზე ბასრი გუნდი გახლდათ. თუ შენი რეაქცია იგივე სისწრაფეზე არაა, ყველაფერი რთულდება და სწორედ ეს მოხდა. ანალიზი ძალიან მარტივია. გადაწყვეტილების მიღების პროცესში, პრესინგსა და გუნდურად მუშაობაში ჩვენზე სწრაფები იყვნენ. მეტოქე ჩვენს დაცვას ყოველთვის წელავდა და როცა ბურთს ვიბრუნებდით, მას მალევე ვკარგავდით. ზუსტი გადაწყვეტილებები არ მიგვიღია და ჩვენი რეაქციები ალოგიკური გახლდათ“, - განაცხადა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთმა 1:0 იმარჯვა და ერთადერთი გოლი კალაფიორის ავტოგოლი გახლდათ. მომდევნო ტურში, „ფურია როხა“ ალბანეთს დაუპირისპირდება, იტალია კი ხორვატიას შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქართველებით აღფრთოვანდნენ და ჩვენი ეშინიათ - ნაჭყებია ჩეხებზე
ქართველებით აღფრთოვანდნენ და ჩვენი ეშინიათ - ნაჭყებია ჩეხებზე