რომელუ ლუკაკუ, ოლივიე ჟირუ
Aa
Aa

საფრანგეთის სერია, ლუკაკუს რეკორდი | ევროს მე-4 დღის გამორჩეული ფაქტები

გერმანიაში მიმდინარე ევრო 2024-ის მე-4 სათამაშო დღეს რუმინეთი-უკრაინის, ბელგია-სლოვაკეთისა და ავსტრია-საფრანგეთის მატჩები გაიმართა. CrystalSport-ი გთავაზობთ დღის გამორჩეულად საინტერესო ფაქტებსა თუ სტატისტიკურ მონაცემებს, რომლებიც ამ შეხვედრებსა და მათში მონაწილე ფეხბურთელებს უკავშირდება.

რუმინეთის ნაკრებმა ევროს ფინალურ ეტაპზე ბოლო 17-დან მხოლოდ 2 მატჩი მოიგო - 5 ფრე და 10 წაგება.

რუმინეთის ნაკრებმა ევროს ფინალური ეტაპის ერთ მატჩში 3 გოლი ისტორიაში მეორედ გაიტანა - პირველად ევრო 2000-ზე.

გეორგე ჰაჯის შემდეგ, დენის მანი პირველი რუმინელია, რომელმაც დიდი ტურნირის კონკრეტულ მატჩში ერთზე მეტი ასისტი შეასრულა.

რუმინეთის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე აქამდე მხოლოდ 1 მშრალი მატჩი ჰქონდა ჩატარებული - ევრო 2008-ის ჯგუფში, საფრანგეთთან.

36 წლისა და 350 დღის ასაკში, ფლორინ ნიცა რუმინეთის ნაკრების ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია, რომელმაც ევროს ფინალურ ეტაპზე ითამაშა.

ანდრეი იარმოლენკო პირველი უკრაინელია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ოთხ სხვადასხვა ტურნირზე ითამაშა.

უკრაინის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ფეხბურთელი იყო, რომლის ასაკიც 30+ გახლდათ - მიმდინარე ევროზე სხვა ასეთი შემთხვევა არ ყოფილა.

ბელგიის ნაკრებს ევროს ფინალური ეტაპის ბოლო 8 მატჩში გაჰქონდა გოლი და ეს სერია სლოვაკეთთან შეწყდა.

რომელუ ლუკაკუს ბელგიის ნაკრების მაისურით ევროზე უკვე 11 მატჩი აქვს ჩატარებული და ყველა დროის რეკორდსმენია.

სლოვაკეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში პირველი გუნდია, რომელსაც კონკრეტულ მატჩში ძირითადში ორი 37 წლის მინდვრის მოთამაშე ჰყავდა - პეტერ პეკარიკი და იურაი კუცკა.

საფრანგეთის ნაკრებს ევროს ფინალურ ეტაპის გახსნითი მატჩი არასდროს წაუგია - 7 მოგება და 3 ფრე.

ლილიან ტურამის შემდეგ, ოლივიე ჟირუ მეორე ფრანგია, რომელსაც 4 ევროპის ჩემპიონატზე აქვს ნათამაშები.

ავსტრიის ნაკრებმა ბოლო 17 მატჩში მხოლოდ მეორედ წააგო - 12 მოგება და 3 ფრე.

ავსტრიის ნაკრებმა 2022 წლის სექტემბრის შემდეგ პირველად ვერ გაიტანა გოლი (18-მატჩიანი სერია) - ეს მაშინაც საფრანგეთთან მოხდა, ერთა ლიგაზე 0:2.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები