ნიკოს და იამალის ბრწყინვალე თამაში - ესპანეთმა იტალიას დამაჯერებლად მოუგო
ევრო 2024-ის C ჯგუფის მეორე ტურში ესპანეთმა იტალიას 1:0 მოუგო. ლუის დე ლა ფუენტეს გუნდი დიდ უპირატესობას ფლობდა. პირველ ტაიმში ჯანლუიჯი დონარუმამ რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია, 55-ე წუთზე რიკარდო კალაფიორიმ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, ესპანელებმა ამ გოლით გაიმარჯვეს.
კრისტიან ძაკარდომ 2006 წლის მუნდიალზე აშშ-სთან მატჩში საკუთარ კარში გაიტანა. მას შემდეგ კალაფიორი ერთადერთი იტალიელია, რომელმაც დიდ საფეხბურთო ტურნირზე საკუთარ კარში გაიტანა, იგულისხმება ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები.
მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ლამინე იამალის ანგარიშზეა - 7. ნიკო უილიამსი მხოლოდ ერთი ერთეულით ჩამორჩება - 6. ესპანეთმა საოცარი თამაში აჩვენა, რაზეც უდიდესი გავლენა სწორედ გარემარბებმა მოახდინეს.
იტალიამ ესპანეთთან მატჩში კარის მიმართულებით 4-ჯერ დაარტყა, თუმცა ზუსტი მხოლოდ 1 იყო. ევრო 1980-ის შემდეგ იტალიელებს ასეთი ცუდი სტატისტიკა არ ჰქონიათ.
ესპანეთი 6 ქულით პირველ ადგილზეა, იტალიელთა აქტივში 3 ქულაა, ალბანეთმა და ხორვატიამ თითო-თითო ქულა მოიპოვეს.
მესამე ტურში ხორვატია იტალიას დაუპირისპირდება (24 ივნისი, 23:00), ალბანეთი - ესპანეთს (24 ივნისი, 23:00).