ფედელე: კვარა უკმაყოფილოა, მისი მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს
ცნობილმა იტალიელმა საფეხბურთო სპეციალისტმა და ძმები კანავაროების ყოფილმა აგენტმა, ენრიკო ფედელემ ნეაპოლური რადიო Marte-ს ეთერში „ნაპოლის“ მომავალზე ისაუბრა. მისი აზრით, „ნაპოლიმ'' კვარას ახალი კონტრაქტი უნდა გაუფორმოს, თუმცა კონტეს პროექტის განსახორციელებლად მხოლოდ ეს საკმარისი არ იქნება, გუნდს მაღალი დონის ფეხბურთელები სჭირდება, ამისთვის კი სახელფასო ჭერის ზრდა აუცილებელია.
ენრიკო ფედელე: „ვფიქრობ, კვარა უკმაყოფილოა. როცა ფეხბურთელი თავის საქმეს კარგად ასრულებს და მოთხოვნები აქვს, მისი კონტრაქტი უნდა განახლდეს და გრძელვადიანი უნდა იყოს. ასევე, კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა უნდა ჩაიწეროს, რომ პრობლემები თავიდან აირიდონ. თუ „ნაპოლი’’ კვარას გაყიდვას არ განიხილავს, მასთან კონტრაქტი უნდა განახლდეს და ახალი პროექტის ცენტრში უნდა მოაქციონ. მნიშვნელოვანია „ნაპოლიში’’ სახელფასო ჭერი გაიზარდოს, რადგან მაღალი დონის ფეხბურთელებს „პარტენოპეიში’’ გადასვლაში მხოლოდ იმ არგუმენტით ვერ დაარწმუნებენ, რომ მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტეა’’.
Rai Sport-ის მიერ გავრცელებული ექსკლუზიური ინფორმაციით, კონტე გუნდის კაპიტნის ჯოვანი დი ლორენცოსა და ხვიჩა კვარაცხელიას შენარჩუნებას კატეგორიულად ითხოვს და რამდენიმე დღეში კლუბის მმართველებისგან სწორედ ამის დადასტურებას მოითხოვს.
თურქეთის ნაკრებთან მარცხის შემდეგ, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიასთვის საუკეთესო თამაში ნამდვილად არ იყო, საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ 23 წლის ფეხბურთელმა განაცხადა, რომ თავის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ევროპის ჩემპიონატზე თამაშის შემდეგ მიიღებს: „საკლუბო თემებზე ახლა არ ვისაუბრებ, რადგან მთლიანად ეროვნულ ნაკრებსა და ევროპის ჩემპიონატზე ვარ კონცენტრირებული. დასრულდება კონტინენტის პირველობა და გადავწყვეტ საბოლოოდ „ნაპოლიში“ დავრჩები თუ სხვა კლუბში განვაგრძობ კარიერას''.