კვირკველია: კვარას გაკრიტიკებას კატეგორიულად ვეწინააღმდეგები
დავით კვირკველია საქართველოს ეროვნული გუნდის შემადგენლობაში ჩატარებული მატჩების რაოდენობით (59) 208 ფეხბურთელს შორის მე-15 ადგილზეა და ის ქვეყნის უპირველესი გუნდისთვის მუდამ უმნიშვნელოვანეს ფიგურად მიიჩნეოდა. ასევე იყო ის იყო 2004 წელს პირველი და ჯერჯერობით უკანასკნელი ქართული კლუბის, „დინამო თბილისის“ ძირითადი შემადგენლობის წევრი, რომელმაც ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა.
ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში წაგების მიუხედავად, საქართველოს ეროვნული გუნდის ასპარეზობით ვეტერან მოთამაშეთა უმრავლესობა კმაყოფილი დარჩა და მათ შორისაა კვირკველია, რომელმაც Crystalsport-თან სანაკრებო თემაზე დეტალურად ისაუბრა
რა თქვა კვირკველიამ
იქიდან გამომდინარე, რომ პირველ ტურში თამაში ყველა გუნდისთვის რთულია, ჩვენმა ნაკრებმა ძალიან მაღალ დონეზე ითამაშა. წარმოიდგინეთ, გათამაშების დებიუტანტმა თურქეთის ნაკრებს უამრავი პრობლემა შეუქმნა და რომ არა უიღბლობა, მეტოქეს დაამარცხებდა.
კარიერის მიწურულს, როდესაც „რუსთავში“ ვთამაშობდი, Crystalbet ეროვნულ ლიგაში გიორგი მამარდაშვილის დებიუტი სწორედ ჩვენს გუნდში შედგა. მაშინ გიორგის საქმეები თავიდან კარგად ვერ აეწყო, მაგრამ იმდენად ნიჭიერი და შრომისმოყვარე გახლდათ, რომ უდიდესი მონდომების ხარჯზე დასახულ მიზანს მიაღწია.
ხვიჩა კვარაცხელიას გაკრიტიკებას კატეგორიულად ვეწინააღმდეგები. არც მე და არც სხვებმა, ვინც ნაკრების შიდა სამზარეულოს კარგად არ იცნობენ, არ ვიცით, რა დავალება მისცა მას მთავარმა მწვრთნელმა. არ ვამბობ იმას, რომ ვილი სანიოლი ხვიჩას მეტოქის მოტყუებას აუკრძალავდა, მაგრამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ვერც ერთი მოთამაშე უმაღლეს დონეზე ყველა თამაშს ვერ ჩაატარებს.
წლევანდელი სეზონი დავით კვირკველიამ ფოთის „კოლხეთის“ მთავარი მწვრთნელის ამპლუაში დაიწყო, თუმცა ამჟამად უკვე სპორტული დირექტორის თანამდებობა უკავია. მეორე წრისთვის კლუბის გაძლიერებას ის არ გამორიცხავს, მაგრამ კონკრეტული გვარების დასახელებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს. დავითმა მხოლოდ იმის დაადასტურა, რომ ფოთში, „ფაზისის“ სტადიონის რეკონსტრუქციის დასრულება ამ წელს ვერ ესწრება და სეზონის მეორე ნახევარშიც „კოლხეთი“ საშინაო მატჩებს სავარაუდოდ ქობულეთში ჩაატარებს.