ზურიკო მეტ სათამაშო დროს იმსახურებს - ტატანაშვილი ნაკრების თამაშზე
საქართველოს ეროვნული გუნდის მეორე მეტოქე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ჩეხეთის ნაკრები იქნება, რომელიც პირველ ტურში პორტუგალიელებთან 1:2 დამარცხდა. სხვადასხვა დროს ჩეხეთის ჩემპიონატში რამდენიმე ქართველ ფეხბურთელს უთამაშია და მათ რიგებს განეკუთვნება დიმიტრი ტატანაშვილი, რომელიც 2008-2010 წლებში „ვიქტორია პლზენისა“ და „კლადნოს“ ღირსებას იცავდა და იქაურ ფეხბურთს კარგად იცნობს. Crystalsport-თან საუბარში 40 წლის ვეტერანმა მოთამაშემ თურქეთი-საქართველოს მატჩის თაობაზე გააკეთა კომენტარი
რა თქვა ტატანაშვილმა
შეფასება მირჩევნია მადლობით დავიწყო, რომელიც ნაკრების თითოეულ წევრს ეკუთვნის. საბოლოო შედეგზე გული ძალიან დამწყდა, რადგან თამაშიდან გამომდინარე გაცილებით მეტს ვიმსახურებდით. საწყისი მღელვარების შემდეგ, ბიჭებმა ეპიზოდურად საოცარი თამაში შემოგვთავაზეს და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ძალიან იმედისმომცემი ნაკრები გვყავს.
ზოგ ფეხბურთელს ბუნებრივია ესა თუ ის მატჩი არ მისდის ისე, როგორც ამას გულშემატკივარი ელოდება, მაგრამ მჯერა, რომ ბიჭები კიდევ ბევრჯერ გაგვახარებენ. თურქეთთან შეხვედრაში გამოვარჩევდი გურამ კაშიას, გიორგი ქოჩორაშვილის და გიორგი მიქაუტაძის ასპარეზობას, ზურიკო დავითაშვილი კი იმდენად კარგად ჩაერთო შეხვედრაში, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მეტ სათამაშო დროს იმსახურებს.
ჩეხეთის ჩემპიონატში ორი წელი ვთამაშობდი და ისევე როგორც ამ ლიგის თითოეული კლუბი, მათი ნაკრებიც ათლეტური, ძალისმიერი და დისციპლინირებული თამაშით გამოირჩევა. ამჟამინდელ მწვრთნელ ივან ჰაშეკთან გადაკვეთის წერტილი არ მქონია, მის წინამორბედებთან პაველ ვრბასთან და იაროსლავ შილჰავისთან კი მიმუშავია და ისინი სერიოზული მწვრთნელები არიან.
40 წლის დიმიტრი ტატანაშვილმა საფეხბურთო კარიერა შარშან დაასრულა და თავის მეგობარ, ასევე ყოფილ ფეხბურთელთან, რევაზ გეწაძესთან ერთად, საფეხბურთო სკოლა დააარსა, სადაც მწვრთნელად მუშაობს.